საჭმელი არის კომფორტი. როდესაც თავს ვგრძნობთ კომფორტულად, უფრო მეტად ვართ ორიენტირებულები ჩვენს მიზნებზე და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ხომ მეთანხმებით? ამიტომაცაა, რომ ამერიკელები შეხვედრებს ყველაზე ხშირად იმ დროს გეგმავენ, როდესაც მაგიდაზე სასურველი კერძი ეგულებათ. დრო 12:00-დან 14:00 საათამდე შტატებში ყველაზე აქტიურია. და წახემსების პარალელურად, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები განიხილება. 


,,ლანჩის” დრო ოფისის ან სახლის გარეთ სოციალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თითქოს იმსხვრევა ადამიანებს შორის ბარიერები. საუბრის დროს აცნობიერებ, რომ იმაზე მეტად თავდაჯერებული ხარ, ვიდრე შეხვედრის დაწყებამდე იყავი. ეს ის ადგილია, სადაც ადვილად ახდენ საკუთარი თავის პრეზენტაციას მომავალი დამსაქმებლის მიმართ; აღმოაჩენ, რომ შენ და შენს ახალ თანამშრომელს საერთო ინტერესები გაქვთ; განიხილავ პარტნიორებთან წინა დღით დაბადებულ იდეებს; ურთიერთობას არ კარგავ ძველ ნაცნობებთან და ა.შ. მოკლედ, ჯადოსნური საათია!


სად ვხვდებით? შეხვედრის ადგილი არ განისაზღვრება ძვირადღირებული რესტორნით. კუთხის კაფეში შეკვეთილი გემრიელი სენდვიჩი ან სალათი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. მაგალითად ისე, როგორც მე და ჩემი ატლანტელი მეგობარი - გვანცა. ამ დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა ,,ლანჩის" საათმა გადაარჩინა :)