ჩემი უფროსი შვილის სკოლიდან წელსაც მოვიდა მოსაწვევი. საგულდაგულოდ გაფორმებულ წერილში სანდრო თავის ბებიებს და ბაბუებს სპეციალურად მათთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე ეპატიჟებოდა. ამ დღეს ბავშვები საყვარელ ნათესავებს ჯერ სადღესასწაულო სიმღერებს უმღერიან, შემდეგ კი საკუთარ კლასებში ეპატიჟებიან. ვინაიდან სანდროს ორივე ბებია და ბაბუა საქართველოში ცხოვრობს, გამოსავალი იპოვა და პრობლემა მარტივად გადაჭრა - ,,დავურეკოთ დორისს". დორისიც რა თქმა უნდა სიხარულით დაგვთანხმდა და სანტას წითელ წინდებში გამოწყობილი ენერგიულად ჩაერთო სანდროს ყველა აქტივობაში. ბოლოს კი ერთად გაკეთებულ ლამაზ დეკორაციაზე მიაწერა, თუ როგორ უყვარს თავისი ,,ნაშვილები" შვილიშვილი.

დორის რობინსონი ჩვენი ოჯახის ძალიან ახლო მეგობარია და ჩემი შვილების არაოფიციალური ამერიკელი ბებიაა. დაიბადა 1926 წელს, დიახ, 93 წლისაა და დიდი რომ გავიზდები, მინდა მასავით ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე და მასავი სიცოცხლის მოყვარული ვიყო. ერთხელ ვკითხე კიდეც, თუ რა არის მისი ახალგაზრდობის საიდუმლო და მან ძალიან მარტივად მიპასუხა - ,,მუშაობა და ამ მუშაობისგან მიღებული სიამოვნება". დორისი ატლანტაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი უძრავი ქონების აგენტია და ის პენსიაზე გასვლას არასდროს აპირებს. რა თქმა უნდა, ისეთი დატვირთული აღარაა როგორც 10 წლის წინ, მაგრამ მუშაობას მაინც განაგრძობს. სხვანაირად ვერც წარმოუდგენია.

დორისის დილა ადრე იწყება. ასეირნებს საყვარელ ძაღლს - ჩარლის, გამოელაპარაკება 50 წლის თუთიყუშ აპოლოს, საუზმობს შვილთან ერთად და ეცნობა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებს. შემდეგ თავის მოვლის დროც დგება. 10 წელია დორისს ვიცნობ და მე ის არ მახსოვს მოუვლელი თმის, ტუჩსაცხის, სამკაულის და ფერადი სამოსის გარეშე. სხვათაშორის, დორისის სამკაულების ყუთში თუ ჩაიხედავთ, თვალში მოგხვდებათ ბევრი ქართული ნაკეთობა, განსაკუთებით მინანქარი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ხოლმე ქალბატონებზე, რომლებიც ასაკში არ კარგავენ საკუთარ თავზე ზრუნვის ხალისს და პირადად ჩემთვის ასეთი ქალბატონის ცოცხალი მაგალითი - დორისია.

რატომღაც ყველას წარმოგვიდგენია, რომ კარგ ფორმაში ყოფნა ბევრი ბოტოქსის, მაკიაჟის და ოპერაციების დამსახურებაა. სხვათაშორის ესეც ვკითხე, მიუმართავს თუ არა ოდესმე პლასტიკური ოპერაციებისთვის - ,,არასდროს" - მითხრა დორისმა. ის, რომ სასიამოვნო სახე აქვს და ზედმეტი წონისგან არ იტანჯება, ამას მხოლოდ და მხოლოდ დადებით განწყობას და ჯანსაღი ცხოვრების სტილს უმადლის. მიირთმევს ზომიერად და ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი კულინარია. თავის დროზე შეგნებულად გაითავისა რა არის სწორი, და ამ არჩევანისთვის არასდროს უღალატია.

არ ღალატობს ურთიერთობებს. როდესაც სახლი გამოიცვალა ძველმა სამეზობლომ ცრემლებით გააცილა, ყველას უყვარს მომღიმარი ქალბატონი, რომელსაც არასდროს ავიწყდება დღესასწაულები და სიამოვნებით უზიარებს საყვარელ მეზობლებს სახლში გამომცხვარ ორცხობილებს და ღვეზელებს.

დორისისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ასაკის სხვაობა, არც სექსუალური ორიენტაცია და არც კანის ფერი. უყვარს ახალგაზრდები და მგონია, რომ სწორედ ესაა მისი ყველაზე დიდი დადებითი მხარე. სიამოვნებას იღებს მათთან ურთიერთობით, სწავლობს, ეკითხება და ხანდახან მგონია, რომ დორისი ჩემზე თანამედროვეა. მას იპოვით facebook-ზეც და რა თქმა უნდა ყოველდღიურად იყენებს ელექტრონულ წერილებს.

საქართველოში დორისი არასდროს ყოფილა, თუმცა ჯერ კიდევ მაქვს იმედი რომ მოვახერხებ მის დათანხმებას ვამოგზაურო ქვეყანაში, სადაც გარკვეულ წრეებში ძალიან კარგად იცნობენ. მის შესახებ ახლა უკვე თქვენც ბევრი გაიგეთ და იმედია დორის რობინსონი თქვენთვისაც შთაგონების წყაროდ იქცევა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალბატონი.

ჩემს ტელეფონზე კალენარს გადავხედე. მომავალ ხუთშაბათს ლანჩზე დორისი ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას მელოდება. აუცილებლად ვაჩვენებ დღევანდელ ბლოგს, ვიცი როგორც გაეხარდება.