ახლაც მახსოვს სკოლის ბუფეტის სუნი, ძველი მაცივრები და დახლები. თუმცა ყველაზე მეტად გემოები მახსოვს. მახსოვს დიდი დასვენების მადლი და რიტუალი, აუცილებლად უნდა გვეყიდა მე და ქეთის 40 თეთრიანი ფენოვანი ხაჭაპური, მე თუ უარს ვიტყოდი აი, ქეთის შანსი არ იყო არ ეჭამა. ხან ვიყოფდით. იმ დროს ეს ხაჭაპური ყველაზე გემრიელად გვეჩვენებოდა. არადა დრო, რომ გავიდა და გავიხსენეთ ვერაფრით ამოვხსენით ეს სიყვარული. ჩვენი ბუფეტის ხაჭაპური იყო ყველაზე ცივი, ხმელი და უყველო. მაგრამ მაინც გვიღირდა დიდი დასვენების შემდეგ მეოთხე გაკვეთილზე დაგვიანებად და საყვედურად. 90-იანების მიწურულს სკოლის ღობესთან პირველი საცხობიც გამოჩნდა და ყველაზე საფუარიანი ფუნთუშა რაც კი ოდესმე მიჭამია. ხელს თუ მაგრად მოუჭერდით გაბერილ ფუნთუშას ხუთ თეთრიანის ზომა გახდებოდა. მაგრამ მაინც გვიყვარდა და გაკვეთილების შემდეგ გზაში ბევრის თანამგზავრი იყო.

 ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხსენე, რომ მაშინ აზრად არ მომსვლია, არც მე და ალბათ არც დედაჩემს, რომ სკოლაში ლანჩი წამეყო. აი, ლამაზად ჩამელაგებინა ლამაზ ყუთში, ისე როგორც მაშინ მარტო ჰოლივუდურ ფილმებში მენახა. ახლა ლამაზი „ლანჩ ბოქსებიც“ იყიდება და სენდვიჩის პურებიც, ზოგადად საკვები პროდუქტების არჩევანი ბევრად მრავალფეროვანი გახდა, თუმცა რატომღაც არ დამინახავას ბავშვებს სკოლაში წასახემსებელი მიჰქონდეთ, ძალიან იშვიათად. კერძო სკოლებში კვების საფასურს იხდიან და ეს საკითხი მეტნაკლებად მოგვარებულია, საჯარო სკოლებში კი, როგორც ჩემს ნაცნობ მოსწავლეებს გამოვკითხე, არჩევანს ისევ ფენოვან ხაჩაპურზე, ჰოთ-დოგზე ან მარილიან ჩხირებზე აკეთებენ. სამწუხაროდ  ბუღალტერიას გვერდს ვერ ავუვლი, ყოველდღე მინიმუმ ორი ლარი მაინც მიაქვთ ბავშვებს სკოლაში, რაც კვირაში 10, თვეში კი 30 ლარამდე გამოდის. ანუ ამ თანხას იხდის მშობლების უმეტესობა საკუთარი შვილის არაჯანსაღ კვებაში. თან ბევრისთვის ეს თანხა მარტივად მოსაპოვებელი ნამდვილად არ არის. სხვათაშორის პარლამენტში ინიციატივაც არსებობდა, რომ საჯარო სკოლებში კვება სახელმწიფოს დაეფინანსებინა, ისე როგორც ბაღებშია, მაგრამ ეს აზრი ქათმის ბარკლებივით გაყინეს მაცივარში.

სკოლა 16 წლის წინ დავამთავრე და სამწუხაროდ ჩემში ლანჩის კულტურა ვერ ჩამოყალიბდა. ახლა მართლაც ბევრი ლამაზი და მოსახერხებელი „ლანჩ ბოქსი“ მაქვს, მაგრამ ვერ, ვერ ვისწავლე საღამოს 10 წუთის გამოყოფა რომ მეორე დღისთვის ჯანსაღი საკვები მზად მქონდეს. ძალიან იშვიათად გამომდის. არადა ამ ასაკში ნამდვილად არავინ „დამცინებს“ რომ სახლიდან საჭმელი დამაქვს, დიდად არც მადარდებს ვინმეს აზრი, როგორც ეს თინეიჯერობის დროს ადარდებთ ხოლმე... მაგრამ კორჟიკსა და ფენოვანზე გაზრდილს როგორც ჩანს მიჭირს. ამიტომ იქნებ თავიდანვე, სკოლიდან დავიწყოთ, მომწონს იდეა, რომ ბავშვებმა სკოლაში წასახემსებელი ატარონ, უფრო ჯანსაღი, გემრიელი, თავიანთი გემოვნებით მომზადებული. მეც ამ ბლოგის წერით ვცდილობ საკუთარ თავს სტიმული მივცე. ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ პანდემიის პირობებში საგანგებო რეჟიმში მუშაობის დროს ყველანაირი „ჯანქი“ გავსინჯე, ახლა კუჭის წამალს ვსამ და მრცხვენია, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას დაძინებამდე 10 წუთი არ დავუთმე.  


პ.ს ჩემი სკოლის ბუფეტის ხაჭაპურს ერთხელ კიდევ შევჭამდი :)