ცოტას ვიცნობ საუზმის მოყვარულს. დრო არ მაქვს... შვილები სკოლებში დასარიგებელი... სამსახურში მაგვიანდება... დილით არ მშია... თავის გამართლების უამრავი მიზეზი მომისმენია. ამ დროს უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საუზმზის სიამოვნება მოიკლონ. დილით დრო არ გაქვთ? გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე. ბავშვები სკოლაში უნდა წაიყვანოთ? გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე. სამსახურში გაგვიანდებათ? გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე. დილით არ გშიათ? იმიტომ რომ ასე შეაჩვიეთ ორგანიზმი.

რა თქმა უნდა, მეც მქონია დღეები, როცა დილით საუზმე ვერ მომისწრია. დილით კი არა, 2-3 საათამდე ვერ მომისწრია ჭამა. ასეთ დროს ჩემი ორგანიზმის ყოველი უჯრედით ვგრძნობ, როგორი ამოვარდნილი ვარ ჯანსაღი ცხოვრების ტემპიდან. და იცით რა მემართება 3 საათზე პირველად ჭამის დროს? მაშინვე მეძინება, ვითენთები და ვხვდები თუ რამხელა ენერგიას მაძლევს საუზმე.

მე მინიმუმითაც კმაყოფილი ვარ, თუ არ მაქვს დილით ბევრი დრო, უბრალოდ ჩაის ვსვამ და კარაქიან პურს მივირთმევ. შეიძლება ძალიან ბავშვურად ჟღერს, მაგრამ თავისას შვება ხარისხიანი კარაქი და კარგი, გემრიელი, უსაფუარო პურიც.

თუ ვიცი, რომ მომდევნო რამდენიმე დღე გადარბენაზე ვარ და დილით უძალიანესად ადრე მაქვს შეხვედრა ან გადაღება, გრანოლას ვიმარაგებ. რადგან ყველაზე მეტად, რაც დღეს მილამაზებს ეს ჩემი წმინდა საუზმეა.


ამ ბლოგში კი მინდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი, ჯანსაღი და ლამაზი საუზმის - გრანოლას რეცეპტი გაგიზიაროთ, რასაც ყოველთვის სხვადასხვა სეზონური ხილით ვაფორმებ.

სცადეთ თქვენც, დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწონებათ ♥️


გრანოლა:

4 ჭიქა შვრიის ფანტელს აურიეთ 1 ჩ/კ ვანილი, 1 ჩ/კ დარიჩინი, ცოტა მარილი, თქვენი საყვარელი თხილეული (მე მიყვარს ნუში, გოგრის თესლი და ნიგოზი 1/2-1/2 ჭიქა)

ცალკე აურიეთ 1/2 ჭიქა ქოქოსის ზეთი და 1/2 ჭიქა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი და აურიეთ შვრიაში.

მიღებული სველი მასა გადაანაწილეთ თუნუქის ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 10-15 წუთი.

გააციეთ და დაუმატეთ ქიშმიში ან ნებისმიერი მშრალი ხილი.

მე გრანოლას მივირთმევ მაწონთან ერთად თუმცა შეგიძლიათ რძესთან ან კეფირთან ერთადაც გასინჯოთ.