საყვარელი ადგილი სახლში? - სამზარეულო. ყველაზე ხშირად ამ პასუხს მოისმენთ ბლიც ინტერვიუებში დასმულ შეკითხვაზე.

დიახ, როგორც წესი, სამზარეულო ყველაზე მყუდრო ადგილია სახლში. ალბათ, ბევრ თქვენგანს ეცნობა სიტუაცია, როდესაც სტუმრად მოსულ მეგობრებს 5 მ2 სამზარეულოში შეყუჟვა ურჩევნიათ ნებისმიერ სხვა ოთახში დროის გატარებას. 


მაგრამ რა ხდება, როდესაც საქმე ჩვენს სამზარეულოში კერძების მომზადებას ეხება? რამდენად არის სახლის ეს ნაწილი ყველაზე საყვარელი ჩვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ყველაზე დამღლელიც იყოს? 

ბევრი ჩვენგანი ცდას არ ვაკლებთ, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ ოჯახის ყველა წევრის გემოვნებას, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა კერძები, ვეძებთ არატრადიციულ, განსხვავებულ რეცეპტებს და ყოველდღიურად ვამზადებთ კიდეც. საქმე განსაკუთრებით რთულდება თუ სახლში “ცუდი მჭამელი” ბავშვები გვყავს. 


ბევრისთვის მზადება სასიამოვნო პროცესია, ერთგვარ მედიტაციასაც ადარებენ. ზოგისთვის კი ეს მხოლოდ მოვალეობაა, რომელსაც პირნათლად ასრულებს, რადგან ოჯახში სხვას ამ ფუნქციის შეთავსება არ შეუძლია. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს თუ ავიღებთ, 18-35 წლის ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად გარეთ, რესტორნებსა და კაფეებში იკვებება ან საკვების გამოძახების სერვისით სარგებლობს. ამ მხრივ, ბოლო წლებში ჩვენთანაც მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია. ჯერ-ჯერობით საკვების გამოძახების სერვისით სარგებლობა მხოლოდ დიდ ქალაქებშია შესაძლებელი, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ეს “გეიმ ჩეინჯერი” (ინგ.თამაშის შემცვლელი) აღმოჩნდა. მათ შორის ცხადია მეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მზადება მიყვარს და განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს როდესაც ჩემს კერძებს სხვები აგემოვნებენ და რაც მთავარია მოსწონთ; უფრო ხშირად დატვირთული დღის შემდეგ, საღამოს სახლში დაბრუნებულს პატარა მიზეზიც კი მყოფნის ამ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, როდესაც ხელის მარტივი მოძრაობით, ყოჩაღი კურიერები, სახლის კართან ნებისმიერ გემრიელობას მოიტანენ. ცდუნება ნამდვილად დიდია, თუმცა არის საკითხის მეორე მხარეც. 


ყველამ ვიცით, რომ თუ ნებისმიერი საქმიანობიდან, რისი კეთებაც გვიწევს, სიამოვნებასაც ვიღებთ, მარტივად აღარ ვიღლებით და სტრესსაც გაცილებით ნაკლები ადგილი რჩება ჩვენს ცხოვრებაში. თუ ჩვენი ეს საქმიანობა დიდად გულზე არ გვეხატება, ისღა გვრჩება დავიწყოთ სხვადასხვა გზების ძიება, რომ როგორმე ჩვენს ქაოტურ და გადატვირთულ ყოველდღიურობაში  სათანადო ადგილი მოვუძებნოთ ჩვენს ვალდებულებებსაც და თან რამდენადაც შესაძლებელია სიამოვნებაც მივიღოთ მათი შესრულების პროცესისგან. 


იმისათვის, რომ სამზარეულოში ტრიალი რუტინულ დღეებშიც სასიამოვნო იყოს, პირველ რიგში საჭიროა, რომ სახლის ეს კუთხე თავიდან შევიყვაროთ. მოვიშოროთ ყველანაირი ხელის შემშლელი აზრი თუ სტერეოტიპი და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენს სამზარეულოსთან გრძელვადიანი ურთიერთობა. საიდან ვიწყებთ ცვლილებას?


პირველი: სამზარეულო უნდა იყოს ადგილი, რომელიც ვიზუალურად მოგწონთ. ჩემთვის ეს არის თეთრი, ნათელი სივრცე, ფერადი დეტალებით, არასტანდარტული ფორმის ნივთებით, ძველი და თანამედროვე ჭურჭლის სინთეზითა და ფუნქციური ტექნიკით. სისუფთავე კიდევ ერთი ფაქტორია, რაც უფრო მეტად მანდომებს სამზარეულოში ტრიალს. მაგალითად, შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ, რომ არასდროს დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში. ასე სამზარეულოს სივრცე მეტად მიმზიდველი გახდება და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი პატარა დეტალები გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ საქმეს აკეთებს. ცხადია, ეს ყოველთვის გამოსავალი არ არის, მაგრამ ცვლილების მოხდენა ნამდვილად შესაძლებელია. თუ მცენარეების მოყვარული ხართ, ხშირად გაახალისეთ სამზარეულო სხვადასხვანაირი ყვავილებით, რაც იქ შესვლისთანავე თქვენს განწყობას გააუმჯობესებს. 


მეორე: მოამზადეთ ის საკვები, რომელიც გიყვართ. გათავისუფლდით ყველანაირი წარმოდგენებისგან, რომ ესა თუ ის კერძი რთული მოსამზადებელია. ინტერნეტში ნებისმიერი კერძის რეცეპტის პოვნაა შესაძლებელი და თუ მონდომება ადგილზეა, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ რთული არცერთი კერძის მომზადება არ არის. ამაში ჩემი და ჩიხირთმის პირველმა შერკინებამ სრულად დამარწმუნა. რატომღაც არსებობს წარმოდგენა, რომ ეს წვნიანი არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ როდესაც საქმე შენს საყვარელ კერძს ეხება, სირთულეები აღარ გაშინებს. 

ეცადეთ გათავისუფლდეთ იდეალური კერძის მომზადებისკენ სწრაფვისგანაც. სტრესის შესამცირებლად, დაიწყეთ ერთ ეტაპიანი კერძების მომზადებით, მაგალითად რასაც მხოლოდ მოხარშვა, სოტირება ან თუნდაც უმად მირთმევა სჭირდება. მთავარია, მოამზადოთ ის, რაც თქვენც გიყვართ. კარგად გაიხსენეთ, რა კერძი გიყვარდათ ბავშვობაში? რა რეცეპტები აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს, რომელიც განსაკუთრებულად გხიბლავთ? ჩაიწერეთ საყვარელი რეცეპტები და მაცივარზე მაგნიტით მიამაგრეთ, რომ მუდმივათ მისაწვდომ ადგილას გქონდეთ. 

თუ მაგალითად ცხობა უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე სხვა საკვების მომზადება, ესეც ძალიან კარგია. დაიხარჯეთ ბოლომდე ამ მიმართულებით, სინდისის ქენჯნის გარეშე; მითუმეტეს თუ გყავთ ოჯახში პარტნიორი, ვინც ტრადიციული, ყოველდღიური კერძების მომზადებას საკუთარ თავზე აიღებს.

 

მესამე: მოამზადეთ კერძები სხვა ადამიანებთან ერთად. ჩართეთ პროცესში ისინი, ვინც ძალიან გიყვართ და ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებაა. საკვები ყოველთვის იყო ადამიანების შეკრების მიზეზი და არ არის აუცილებელი ეს შეკრება მხოლოდ დაგემოვნების დროს, დიდი მაგიდის გარშემო მოხდეს. შეგიძლიათ შეკრება სამზარეულოდანვე დაიწყოთ. პროცესში შეგიძლიათ ჩართოთ ბავშვები. ცხადია, ეს უფრო მეტ არეულობას გამოიწვევს და შესაძლოა კერძის მოსამზადებლად მეტი დრო დაგჭრდეთ, მაგრამ თავად გაოცდებით, რამდენ კარგ მოგონებას დაგიტოვებთ სამზარეულოში კერძების მზადების პროცესში ერთად გატარებული დღეები.