ჩვენ 10 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან ბევრ რამეში ვგავართ კიდეც. 

იცით როგორ დაიწყო ყველაფერი? როცა პირველად შევიკრიბეთ ჩაიზე, საუბარი დავიწყეთ ფიგურის შენარჩუნებასა და ზოგადად ჩვენი კვების რაციონზე. მაგრამ ბოლოს მაინც ვაღიარეთ, რომ იმ საღამოს დესერტზე უარს ვერ ვიტყოდით.

ამიტომ გამოსავალი ვიპოვეთ - შევუკვეთეთ ერთი დესერტი სამი კოვზით. მას შემდეგ, უკვე 10 წელია, ჩვენი ყველა შეკრება ასე სრულდება - ვუკვეთავთ ერთ დესერტს, ანუ ვზრუნავთ ჩვენს კარგ განწყობაზეც და ფიგურაზეც.

კულინარია ყოველთვის იყო ჩვენი გატაცება. გვიყვარს რეცეპტების ერთმანეთისთვის გაზიარება, შეფასება, ახალი გემოების აღმოჩენა... მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი სამეგობრო აღარ არის საკმარისი ახალი იდეების მისაღებად და გადავწყვიტეთ ინტერნეტ სივრცეში შემობიჯება. ვფიქრობთ, რომ კულინარია ის სამყაროა, სადაც შთაგონება უწყვეტ რეჟიმში უნდა მოდიოდეს და მთელი საიდუმლო გამოცდილებაშია. სწრედ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად და თქვენი გამოცდილების მოსასმენად შევქმენით ახალი პლატფორმა food4.ge; უფრო სწორედ პლატფორმები,

რადგან ამ საიტზე მიბმული იქნება food4.ge-ს YouTube არხიც, სადაც ახალი  ვიდეოები კვირაში რამდენჯერმე აიტვირთება, ასევე Instagram და facebook-იც.

ჩვენი მიზანია ხმა მივაწვდინოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მასტერ შეფები, არც შეფები, შესაძლოა მზარეულებიც არ იყვნენ, მაგრამ უყვარდეთ სამზარეულოში ფუსფუსი, ახალ გემოებთან თამაში და აღმოჩენები.

ჩვენ არ გასწავლით არაფერს, ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ. უფრო სწორედ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო რეცეპტებს, რადგან Food4.ge-ს მთავარი შემოქმედი ჩვენთან ერთად ჩვენი მაყრუებელია. 




სალომე კასრაძე - ბლოგერი, Food4.ge -ს თანადამფუძნებელი


ჩემს ოჯახში ორივე ბებია დიასახლისი იყო, დედა მუშაობდა. ასე რომ, მთელი ბავშვობა გავატარე ორი ტიპის ქალის გარემოცვაში - ერთი, რომელიც მთელი დღე ქურასთან ტრიალებს და მეორე, რომელიც მუშაობს და თან სამ შვილს ზრდის.

ჩემში ორივე ტიპის ქალია. მიყვარს ჩემი საქმიანი და ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრება და ვგიჟდები კერძების მომზადებაზე.


ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კულინარია ასე გამიტაცებდა. განსაკუთრებით 30 წლის რაც გავხდი, ასე მგონია თავიდან დავიბადე. ყოველთვის მიყვარდა გემრიელი და საინტერესო კერძების აღმოჩენა, მაგრამ მზადება ჩემი სტიქია არ იყო. ახლა კი ამაზე დიდ ბედნიერებას ცოტა რამ მანიჭებს. კიდევ უფრო მსიამოვნებს, როცა ჩემს მიგნებას მეგობრებს ვუზიარებ და მათ კმაყოფილ და გაოცებულ გამომეტყველებას ვაკვირდები კერძის მირთმევისას.

ჩემი ჟურნალისტური გამოცდილება და კულინარიის სიყვარული ერთმანეთთან არაჩვეულებრივად თავსებადი აღმოჩნდა. ეს პროფესია დაგვეხმარა სამ ჟურნალისტ მეგობარს ახალი იდეის food4.ge-ს განხორციელებაში. კულინარიის სიყვარული ამ იდეის მამოძრავებელი ძალაა.


დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად ბევრ საინტერესო აღმოჩენას გავაკეთებთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უკეთესობისკენ შევცვლით ჩვენს კვების რაციონს - გავხდით უფრო მრავალფეროვანს და ჯანსაღს.

ასე რომ, წინ უამრავი თავგადასავალი გველოდება.











მარი კუბლაშვილი - ჟურნალისტი, food4.ge-ს თანადამფუძნებელი


მთელი ბავშვობა კვირა დღეს ველოდებოდი. ამ დღეს მე და დედაჩემი დილას მშრალ ხიდზე ვატარებდით. მიწაზე მოფენილ ვინტაჟურ ნივთებს შორის ყოველთვის ჭურჭელზე გვქონდა აქცენტი. ჩვენს ოჯახში ასეთ წესია - გემრიელი კერძის სერვირება აუცილებლად ლამაზი ჭურჭლით ხდება.


ალბათ ამ ტრადიციის ბრალია, რომ food4.ge-ს ფოტოსესიის დროს, ჩემს კერძებს სხვადასხვა ჭურჭელს მთელი გულისყურით ვუხამებ. აღმოვაჩინე ისიც, რომ სამზარეულოში სიახლეების ძიებასთან ერთად, ახალი ჰობი გამიჩნდა - კულინარიული ფოტოგრაფია. მოკლედ, ყველაფერი ბუნებრივად აეწყო: Food4.ge მაბრუნებს ბავშვობაში, ჟურნალისტიკაში და მეხმარება კიდევ უფრო მეტი ვისწავლო კულინარიაში. 


Food4.ge - ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი; ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიშიც თქვენ მუდმივად იქნებით ჩართულები; ეს არის ადგილი, სადაც ერთად ვიპოვით ახალ გემოებს და უფრო ხშირად მოვუსმენთ საკუთარ სხეულს.  


food4.ge -ს კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენ ყოველთვის სახლში ვართ და გელოდებით. 










c ფოტო: პატო მერკვილაძე









ნუცა კოპალიანი - ჟურნალისტი, food4.ge -ს თანადამფუძნებელი


13 წელია მაყურებელს ვესალმები ეკრანიდან და ხშირად „ცუდ ამბებს“ ვუყვები, იშვიათად - კარგს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ტელევიზია ინტერნეტსივრცეში ინაცვლებს და მჯერა აქაც საინტერესო ამბები მელოდება. სიახლეები მიყვარს ...


ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი პირველი შვილის დაბადება იყო. მთავარი საზრუნავი ის გახდა და ამ დროს ახალი გამოწვევით შევაბიჯე სამზარეულოში, დავიწყე ყველაფერი სასარგებლოს ამოკითხვა და შეკითხვაც. ახლა მინდა რომ კარგი და სასარგებლო ამბები გაგიზიაროთ და თქვენთან ერთად გავიგო მეტი.


ჟურნალისტის პროფესიას არ ვიცვლი, უბრალოდ ორ საყვარელ საქმეს - კამერის წინ მუშაობას და ბავშვზე ზრუნვას ერთმანეთს ვუთავსებ.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.