ყავა, სიგარეტი, ვარჯიში - ალბათ იკითხავთ რა შუაშია ერთმანეთთან ? არა, ყავას სიგარეტი კი უხდებაო, თუმცა რატომ არავინ იცის და აი, ვარჯიშთან მართლაც რა შუაშია. უბრალოდ ეს სამი რამ ჩემი ცხოვრების გეგმებში გვერდიგვერდ აღმოჩნდა. რამ მიბიძგა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 30 წლის შემდეგ აღარ დავლევდი ყავას, აღარ მოვწევდი სიგარეტს და აუცილებლად დავიწყებდი ვარჯიშს. ზუსტად 30-ს არ დავლოდებივარ და ნელ-ნელა დავიწყე გეგმის სისრულეში მოყვანა. სიგარეტის პუნქტი ყველაზე მარტივი აღმოჩნდა. არ ვიყავი სტაჟიანი მწეველი და დღემდე კმაყოფილი ვარ უფრო მეტი სუფთა ჩასუნთქვის გამო, სუფთა ფილტვების, დაზოგილი ფულის, უკეთესი კბილების, გაუყვითლებელი ფრჩხილების, ჩაუხრინწავი ხმის, ჩანთაში არ ჩაყრილი თუთუნის, ტანსაცმელზე უკეთესი სუნისა და უაზროდ არ დაკარგული სანთებელების გამო.

ყავა - მასთან განშორების ფიქრიც კი მტკივნეული იყო :) ხსნადი ყავის გარეშე დილით ხმის ამოღება მიჭირს. დილა ხსნადი ყავის არის, სადილის შემდეგ კი სამსახურში ნალექიანი ყავა ახალი ენერგიით მავსებს. თან დაბალწნევიანი ვარ და თითქოს ორგანიზმი მთხოვს კოფეინს. აი, ეს ორი ფინჯანი ყავა მყარად ზის ჩემს ყოვედღიურ რუტინაში. თუმცა დღის მეორე ნახევარშიც შემეძლო ყავის მიღება და ის არანაირად არ აისახებოდა ჩემს ძილზე. მოკლედ, ყავაზე უარის თქმა ძალიან მიჭირდა. ამიტომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტში კითხვა და გადავწყვიტე რომ 30 წლიდან ყავაზე სრულად უარის თქმა ზედმეტი მოთხოვნა იყო. უბრალოდ შევცვალე წესები და სტანდარტები. ყოველთვის ვცდილობ შევიძინო ჯანსაღი, ორგანული ყავის მარცვლები, უარი ვთქვა წინასწარ დაფქვილ ყავაზე, სწრაფი კვების ობიექტების ყავაზე, არ დავლიო მშიერ კუჭზე, ნელ-ნელა ყავას გამოვაცალე შაქარი, თუ ძალიან მინდება ტკბილი ყავა ვანაცვლებ თაფლით. ყავის დალევის დროდ განვსაზღვრე დღის პირველი ნახევარი და უფრო მეტი დრო დავუთმე ჩაის. ახლა საღამო მას ეკუთვნის. მოლედ, აღმოვაჩინე რომ 30-ის მერე კარგი ყავა მშვენიერი ანტიოქსიდანტია.

ვარჯიში - ამ პუნქტზე საუბარი მიჭირს. დავიწყე, დავანებე, დავიწყე, ისევ დავანებე... ვერაფრით ჩავსვი ყოველდღიურობაში. ვხვდები, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ალბათ უფრო დროის განაწილება მიჭირს. ახლა ვფიქორობ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე ადრე დაძინება უნდა ვისწავლო. ნაკლები ჩამოვსქროლო, არ წავიკითხო ათასნაირი პოლიტიკური სისულელე და ადრე დავწვე. იქნებ ასე გამოვათავისუფლო დრო დილით და ეს ადგილი ღირსეულად დაიკავოს ვარჯიშმა. იმედია გამომივა და ამ პუნქტს 40 წლამდე არ გადავწევ:)