რომ მკითხოთ, რა დროს ვატარებ დღის განმავლობაში სამზარეულოში, გიპასუხებთ - მთელ დროს! ნუ თითქმის მთელ დროს. მიყვარს სახლის ეს ნაწილი პირველ რიგში იმიტომ, რომ ნათელია; მეორეც, სოციალური სივრცე აქ ყველაზე მეტად იქმნება; დაბოლოს, ჩემი სამზარეულო ჩემი ციხესიმაგრეა. მგონი საკმარისი მიზეზებია, თუ რატომ უნდა მიყვარდეს ეს ადგილი. სამზარეულო იმაზე მეტია ჩემთვის, ვიდრე ადგილი, სადაც ვაკეთებ საჭმელს; აქ ვრეალიზდები, აქ ვარ კრეატიული და აქ ვქმნი იმას, რაც რეალურად ვარ და მანიჭებს სიამოვნებას.

ეს ზოგადად სამზარეულოზე, მაგრამ რა ხდება სამზარეულოს შიგნით?! ვფიქრობ, ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია. ჩემს სამზარეულოში ყველა ნივთს თავისი ადგილი და დატვირთვა აქვს, თუმცა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გადავწყვიტე, გამოვყო 5 ნივთი, რომელთა გარეშეც ჩემთვის სამზარეულოს ყოველდღიურობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

  1. ყავის აპარატი - ნამდვილი ყავის გემო მაშინ შევიგრძენი, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი. მანამდე, უბრალოდ, გავრცელებული ფრაზის არ იყოს - ,,სიცრუეში მიცხოვრია". თავიდან ე.წ. french press ვანიჭებდით უპირატესობას. მსხვილად დაფქვილი ყავის მარცვლებს 10 წუთი ვაჩერებდი სპეციალურ ჭურჭელში და ძლიერი დაპრესვის შემდეგ ვიღებდი დაუვიწყარი ყავის გემოს. თუმცა, ამ პროცესს ცოტა ბევრი დრო მიჰქონდა, ამიტომ ყავის აპარატზე გადავედით, რომელსაც არც გარეცხვა სჭირდება და არც ბევრი ლოდინი; მარტივად მოათავსებ აპარატში ყავის კაფსულას, დააჭერ ღილაკს და რამდენიმე წამში ფინჯანი ყავა შენია! აბა, როგორ შეიძლება ამ კომფორტზე უარი თქვა?
  2. ბლენდერი - ჩემი დილა სმუსის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. დილის სიმშვიდეს სულ ერთი წუთით ბლენდერის ხმა არღვევს. საყინულეში ყოველთვის მაქვს გაყინული ხილი (ბანანი, კენკრა, მანგო) და ხასიათის მიხედვით, ხან იასამნისფერია ჩემი სმუსი, ხან მწვანე და ხან - ყვითელი. მიყვარს, დღეს ჯანსაღი პროდუქტების მიქსით რომ ვიწყებ. მაგრამ, ბლენდერი მხოლოდ ნატურალური კოქტეილისთვის არ მჭირდება. წვნიანი, სოუსები, მაფინების თუ ფენქეიქების ცომი, ყველაფერში აქტიურად ვიყენებ. ასე რომ, ბლენდერი ეჭვგარეშე ჩემს ფავორიტ ხუთეულშია.
  3. კანოლა სპრეი ზეთი - ამ პროდუქტზე შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო. დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც ისმის ჩემს სამზარეულოში სპრეის მიშხაპუნების ხმა. განსაკუთებით მიხარია, როდესაც კვერცხს ვწვავ ცხიმში, რომელსაც ნული კალორია აქვს. სწორი კვებისთვის კანოლა სპრეი ზეთი ნამდვილი მისწრებაა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ყველაზე ხშირად კანოლას სპრეი ნამცხვრების მომზადების დროს მეხმარება ხოლმე. ჩემი შვილების აქტიურობიდან გამომდინარე, 2-3 დღეში ერთხელ მაინც ვაცხობ ორცხობილებს ან კექსს მათთან ერთად. თუნუქის ფორმაზე სპრეის ერთი მიშხაპუნების შემდეგ მშვიდად ვათავსებ ღუმელში ნამცხვრის ცომს. ვიცი, რომ არ მიიწვავს და არასდროს, არასდროს გაუმტყუნებია იმედი ჩემს კანოლას. განსაკუთებით მიხარია, რომ ამ უნიკალური პროდუქტის შეძენა ქართველ მომხმარებლებს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეუძლიათ.
  4. ასაწყავი ჭიქები და კოვზები - როგორც ვახსენე, საკმაოდ ხშირად ვაცხობთ ორცხობილებს და კექსს ბავშვებთან ერთად და ამ სწრაფი ცხობის რეჟიმში იმაზე კარგად ვერავინ მეხმარება, როგორც ასაწყავი კოვზები და ჭიქები. ჩემთვის ძალიან მარტივია ინგრედიენტების განსაზღვრა და მანევრირება ამ ნივთებთან ერთად. ახალი ტენდენციის მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბეჭდურ თუ ონლაინ სფეროში რეცეპტები ჭიქებით და კოვზებითაა წარმოდგენილი. food4.ge-ი მიყვება თანამედროვე სტილს და ჩვენი რეცეპტებიც, ძირითადად, ასე განისაზღვრება. მოხარულები ვართ იმითაც, რომ ამ პრაქტიკული და აუცილებელი სამზარეულოს ნივთების შეძენა ჩვენთან არის შესაძლებელი.
  5. დაბოლოს, ჭურჭლის სარეცხი მანქანა - ჩემს მეგობრებს ხშირად გაუგიათ ჩემგან ფრაზა - ,,დაილოცოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამომგონებელი". მართლა ვლოცავ ხოლმე ამ უცნობ პიროვნებას ყოველ დღე, რადგან მან ჩემი ცხოვრება ნამდვილად უკეთესი გახადა. ხანდახან გამეფიქრება ხოლმე გასარეცხი ჭურჭლის მთებზე სამზარეულოს ნიჟარაში და გული მიჩერდება. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი ამ ტექნიკის ქონა-არქონაზე, სასწრაფოდ გაიქარწყლეთ ყველანაირი უარყოფითი ფიქრი და მოაბრძანეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სახლში,- ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება (განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ოჯახი გაქვთ) და მალე მიხვდებით, რომ ყველაფერს დათმობთ ამ ქვეყნად მის გარდა... :).


ასეთია ჩემი განუყოფელი ნივთების ხუთეული! გამიზიარეთ თქვენი სამზარეულოს 5 მნიშვნელოვანი ნივთი - მომწერეთ ბლოგის ქვემოთ კომენტარებში ან ინსტაგრამზე. დიდი ინტერესით გელოდებით! :)