ალბათ ისე არავის დანახვა გვიხაროდა უბნის ბავშვებს, როგორც ლიოვასი. ლიოვა ნაყინის გამყიდველი იყო. ის ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე თავისი სამთვლიანი მოტოციკლით, როდესაც ტემპერატურა ზაფხულში უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. ჩვენც ველოდებოდით ხოლმე ლიოვას დიდი კაკლის ქვეშ. ის ქუჩის თავში იყო, ჩვენ ქუჩის ბოლოში. ვიდრე ჩვენამდე მოაღწევდა 3-ჯერ გაჩერდებოდა. საკმარისი დრო გვქონდა მოსაფიქრებლად თუ რომელ ნაყინს ავარჩევდით - ვანილისას ვაფლის ჭიქაში თუ ჯოხზე, შოკოლადის მინანქრით.


და თუ ძლიერი სიცხისგან მითანგულები სახლში ვიყავით შეკეტილები, ლიოვა მაინც არ გამოგვეპარებოდა. მის ხრინწიან, ომახიან ხმას და საიმიჯო ფრაზას რა დამავიწყებს - ,,აბა სტაკანჩიკი მაროჟნეეეე". ეს ,,ნეეეე" მნიშვნელოვანი დეტალი იყო, ეს ხდიდა ლიოვას გამორჩეულს სხვა ნაყინის გამყიდველებისგან. თხელი კაცი იყო, გარუჯული კანით და ტატუებით, გარუჯული იქნებოდა აბა, მისი სამსახური ხომ ზუსტად იმ დროს იწყებოდა, როდესაც ყველაზე ძალიან ცხელოდა. მოვიდოდა, დაარიგებდა ნაყინებს, მერე ხმაურიანად დაქოქაბდა თავის მოტოციკლეტს და მეორე დღემდე გვემშვიდობებოდა. ეს ხდებოდა დაახლოებით 20 წლის წინ, კახეთში, ჩემს უსაყვარლეს ბებოსთან და პაპასთან საზაფხულო არდადეგებზე. 90 ყველაზე ლაღი დღე მთელი წლის განმავლობაში, და 90 ნაყინი.


ჩემს ბავშვობაში ნაყინის ჭამა შუადღისას ერთგვარი რიტუალი იყო, რომელშიც მთელი ოჯახი ერთვებოდა, დიდები თუ პატარები. მიხაროდა და მიკვირდა, რომ უფროსებსაც ზუტად ისე აბედნიერებდათ ნაყინი, როგორც ჩვენ. ამ ფაქტს ახსნა მხოლოდ ახლა მოვუძებნე: ეს ცივი ნუგბარი ყველას რაღაც დოზით ბავშვობაში აბრუნებს და ამ დროს გამორიცხულია კარგ განწყობაზე რომ არ დადგეს ადამიანი. ანუ გამოდის, რომ ნაყინის ჭამის დროს უცებ ყველა ვხდებით ბავშვები. ამავე დროს, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნაყინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის გამოყოფას და ის სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო წამალია. ბევრს გაგახსენდათ ახლა ალბათ სცენა ფილმებში, როდესაც სასოწარკვეთილი ფილმის გმირები ხარბად ეტანებიან ნაყინს :)


თერაპიული ეფექტის გარდა, ნაყინს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. დავიწყოთ იმით, რომ რძისგან წარმოებული ცივი დესერტი შეიცავს ვიტამინებს D, A, B2, კალციუმს, შავი შოკოლადის ნაყინი კი არეგულირებს ქოლესტერინს და გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ნაყინი შაქრის შემცველობიდან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმს ენერგიით ავსებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, მოკლედ, საკმარისი მიზეზებია, რომ ხშირად მივირთვათ ნაყინი, მაგრამ ამაშიც ზომიერებაა საჭირო; გადამეტებული არაფერი ვარგა, ყველაზე სასარგებლოც კი.


გარდა იმისა, რომ მაღაზიებში ახლა უკვე ათასნაირი გემოს და ფორმის ნაყინს შეხვდებით, შეგიძლიათ ის თავადაც მოამზადოთ სახლში. სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ:


1 ქილა შესქელებული რძე

1 ჭიქა გათქვეფილი მაღალპროცენტიანი ნაღები

1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1 ჭიქა კენკრა, რომელიც სასურველია დაჭყლიტოთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღოთ. გაგრილების შემდეგ ერთმანეთში შეათქვიფეთ ინგრედიენტები და რამდნიმე საათში უგემრიელესი ნაყინით ისიამოვნებთ.


მსგავსი რეცეპტით ნაყინის მომზადებას ბავშვობაში ჩვენც გვთავაზობდნენ უფროსები, მაგრამ ლიოვასი ყველას გვერჩივნა. მახსოვს, დიდხანს რომ გაგრძლებულიყო ნაყინისგან მიღებული სიამოვნება, სამზარეულოში ყველაზე პატარა, მარილის კოვზს ვპოულობდი და ისე ვჭამდი ხოლმე. ლიოვა ბავშვობის დასრულებასთან ერთად გაუჩინარდა.


ახლაც ტრადიციულად ჩამოვედი კახეთში, ჩემს ბებოსთან და პაპასთან. კაკხლის ხეც ისევ აქ დგას, უფრო დიდი და ახოვანი, ვიდრე მაშინ, ჩვენს ბავშვობაში. ვზივარ და ვუყურებ ქუჩის ბოლოს და წარმოვიდგენ, რომ ლიოვა თავისი მოტოციკლით ისევ ჩამოუხვევს ჩემს ქუჩაზე და ისევ მომიტანს ვანილის ნაყინს.


პ.ს. ამ ბლოგს ვუძღვნი ჩემი ბავშვობის მეგობრებს - ქეთის, თაკოს, სოფოს და ნინოს - მადლობა თქვენ იმ ბედნიერი წლებისთვის :)