7 ან 8 წლის ვიყავი, როდესაც თვითმფრინავით პირველად ვიმგზავრე. სახლში დაბრუნებულს დედამ მკითხა რა მოგეწონა ყველაზე მეტად, ღრუბლები და დედამიწა, რომ ჩანდა თუ ფრენის შეგრძნებაო, მე კი ვუპასუხე თვითმფრინავში საჭმელი, რომ გვაჭამესთქო. თან ჩემი ძმის პორციაც მე შემხვდა, გამიმართლა და ფრენამ აწყინა :). პირველად, ალბათ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოგზარობა და ახალი კერძების დაგემოვნება ჩემი ჰობი გახდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ გატაცებას თავისი სახელი - გასტროტურიზმი ერქვა, ან „მოგზაურობისას ქრონიკული შიმშილი“, როგორც ამას ჩემი ქმარი ეძახის.


საჭმელი უნივერსალური ენაა. ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდეს ფრანგულად, ვიეტნამურად თუ ბერძნულად, „ესმის“ გემოს ენა, სწორედ ამიტომ მჯერა, რომ საჭმელი ყველაზე კარგი საშუალებაა გავიგოთ მეტი ერებზე, კულტურაზე, ისტორიაზე, თუ ცალკეულ ადამიანებზე სხვადასხვა ქვეყანაში. რეცეპტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გაზიარება, საკვების დაგემოვნება გვეხმარება ადამიანებს დავუკავშირდეთ დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ამ მხრივ ქართველებს ძალიან გაგვიმართლა, რადგან ჩვენი კერძების ნაირსახეობით თავმოწონება ადვილია. იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კულინარიამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს კულტურისა და საზოგადეობის განვითარების საქმეში, არის ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბასკეთში შექმნილი კულინარიული წრეები, რომელსაც ბასკები ჩოკოს (Txoko) ან "La Sociedad"-ს უწოდებენ. მე-20 საუკუნეში, ფრანკოს დიქტატურული რეჟიმის დროს, ჩოკო ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ამ კულინარიულ ერთობაში გაწევრიანებულ ადგილობრივებს შეეძლოთ კულტურის მცირე ნაწილის შენარჩუნება, რაც სამხრეთ ესპანური კერძების მალულად მომზადებასა და ბასკურ ენაზე საუბარში გამოიხატებოდა. სწორედ ჩოკოს დამსახურებით დღეს ბასკურზე ყველა ადგილობრივი საუბრობს, მეტიც რეგიონის მოსახლეობას ამ ენას სკოლაში ასწავლიან. სან სებასტიანში კი, 18 მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანია. ჩოკოზე და მის ნაირ-ნაირ გემოებზე სხვა დროს მეტს მოგიყვებით.


მოგზაურობამ მასწავლა, რომ გარდა იმისა თუ რას ვჭამთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ მივირთვათ გემრიელად. ხომ გიფიქრიათ იტალიელები ამდენი პიცისა და პასტის ჭამის მიუხედავად, რატომ არ სუქდებიანო?! მე ეს სწორედ კვების სტილის დამსახურება მგონია. იტალიელებისთვის და ზოგადად ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ხალხისთვის საუზმე (რომელიც ძალიან მცირე პორციისგან შედგება), ლანჩი, სადილი (რომელიც ვახშამი უფროა, რადგან 7-8 საათზე იწყება) უბრალოდ ჭამა კი არ არის, ეს კომბინაციაა სხვადასხვა დეტალის. ცხადია, კერძის გემო უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლები როლი უჭირავს გარემოს, ულუფის ზომასა და საუბრის თემას. დარწმუნებული ვარ გსმენიათ, რომ არგენტაში ყველაზე მაგარ სტეიკს ამზადებენ. სტეიკი მართლაც ძალიან გემრიელია, მაგრამ ბუენოს აირესში მოგზაურობამ რაც მასწავლა, არის განწყობა და პოზოტიური მიდგომა შენი სადილისადმი. რესტორანში ორსაათნახევარი, ისეთი დადებითი განწყობით გალოდინებენ და ამასობაში ისე დაგათრობენ, ვერც კი მიხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძალიან ღარიბია, რაღაცნაირად ყველა მადლიერია იმისა რაც აქვთ, ეს ძალიან მნიშველოვანი თვისებაა.


გასტროტურიზმი დამეხმარა გავიხსნა ნებისმიერი გემოსადმი და ყველაზე წარმოუდგენელ ადგილასაც კი, მზად ვიყო დაუვიწყარი საჭმლის დაგემოვნებისთვის. თქვენც გირჩევთ არ უთხრათ უარი არც-ერთ პროდუქტს, არომატს, სანელებელსა თუ სასმელს. შეიძლება რაღაც მოგეწონოთ, რაღაც არა, მაგრამ სცადეთ და მიეცით საკუთარ თავს მრავალფეროვნების უფლება. მაშინაც კი, თუ კონკრეტული კერძი იმედს გაგიცრუებთ, მაინც ყოველთვის ღიმილით გაგახსენდებათ, ტოკიოში გასინჯული ის „საშინელი“ გველთევზა თუ ლოკოკინა. სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ რესტორანში ივახშმოთ, ყველაზე კარგად ქვეყნის კულტურას ვეცნობით მაშინ, თუ ადგილობრივებს ვკითხავთ ისინი სად ჭამენ. უი, კინაღამ დამავიწყდა, ბაზარშიც შეიარეთ, ყველგან აღმოაჩენთ მინიმუმ ერთ პროდუქტს, რომელზეც ადრე არ გსმენიათ. 


და ბოლოს, საჭმელი გვაკავშირებს ჩვენს მოგონებებთან. ბებოს მონატრებისას ხომ ყველას, ყველაზე გემრიელად მისი შემწვარი კარტოფილი გვახსენდება?! და რადგან საკვებს ასეთი მნიშველოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან მინდა ყველამ ვცადოთ და ვისწავლოთ სიამოვნების მიღება ღუმელის გაღებისას ახლადგამომცხვარი დესერტისა თუ წელიწადის პირველი საზამთროს სურნელით, დილის ყავის პირველი ყლუპითა და იმ საშინელი გველთევზათიც კი, ტოკიოში, რომ გასინჯავთ. (ერთადერთი, ღამურას ნუ შეჭამთ ვუხანში, ძალიანაც რომ გთხოვონ ჩინელებმა :) )


P.S. როდესაც ამ ნაწყვეტს ვწერდი, ბუდაპეშტში შაბათის დილას, ჩვენმა სერბმა მეგობარმა, რომელიც ნიგერიაში გაიზარდა, დარეკა და „ხ“ ასოს ომახიანი გამოთქმით გვისაყვედურა, წამოდით რესტორანში, მთელი კვირაა ხინკალი მენატრებაო. უცბად მეგონა, თბილისში დამაბრუნესთქო. ესეც იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გააქართველო სერბი-ნიგერიელი, სწორედ, რომ საჭმლის მეშვეობით.