სახელწოდება უკვე ყველაფერს ამბობს - SUPER FOOD, ანუ სუპერ საჭმელი.

ეს ტერმინი თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და აქტიური შეხება აქვს ფიტნესთან. დღეს ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღი სხეული სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის შედეგია.


და მაინც, რას ნიშნავს ,,სუპერ საჭმელი"? ჩვენ ვსაუბრობთ საკვებზე, რომელიც ბუნებრივად მდიდარია ჯანმრთელობისათვის საჭირო თვისებებით. და ეს უბრალო სიტყვები არაა. მათში მრავლადაა ანტიოქსიდანტები და ე.წ. ჯანმრთელი ცხიმები, რაც სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Super Food-ი საშუალებას გაძლევთ იკვებოთ სწორად და ამავდროულად თავი იგრძნოთ ბედნიერად. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ირჩევს კვების სტილს, რომელიც მისი ცხოვრების წესი ხდება.


ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. თითქმის 10 წლის წინ, როდესაც ამერიკაში ცხოვრება დავიწყე, ჩემში ბევრი რამ შეიცვალა - მათ შორის კვების რაციონში. სწრაფი კვების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამერიკამ სწორ აქცენტებზე შემაჩერებინა ყურადღება. სუპერმარკეტში შესულს დავაფიქსირე პროდუქტები, რომლებთაც გვედი ვერ ავუარე და დავიწყე ძიება, მუდმივი ძიება, დაგემოვნება, ექსპერიმენტები...და საბოლოოდ მივიღე ,,ბედნიერი მე!" ჩემი ორგანიზმი თითქოს გადაიტვირთა, restart განიცადა და ის გრძნობა, როდესაც შენი სხეული მადლიერია, სხვა არაფერს შეედრება.


არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, რამდენს იწონი, რას საქმიანობ, უბრალოდ მინდა, რომ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ მარკეტში წასულს, სწორ პროდუქტებზე შეაჩეროთ არჩევანი. ნუ შეგეშინდებათ შეიძინო რაიმე ა ხ ა ლ ი! ნუ შეგეშინდებათ ახალი რეცეპტების, გემოების. მე მესმის თქვენი. ეს პროცესი შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ნელ-ნელა წარიმართოს, ზოგიერთის შემთხვევაში კი ძალიან სწრაფად და მარტივად. მაგრამ მთავარია, რომ დაიწყოთ! გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი საკვები არ ითხოვს თქვენგან რაიმე მსხვერპლის გაღებას, როგორც ე.წ. ,,სწრაფად დასაკლები დიეტების" შემთხვევაში (რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით)! აქ წესებს თქვენ ადგენთ!


მოდით, გავიცნოთ Super Food-ის რამდენიმე სუპერ წარმომადგენელი!


მოცვი - ყოველთვისაა ამ სიაში მოწინავე პოზიციებზე. ეს ხილი ნელ-ნელა აქტუალური ხდება საქართველოში და ძალიან მიხარია! უნიკალური მოცვი გარდა იმისა, რომ სავსეა ვიტამინებით, ახალგაზრდა ქალებში გულის დაავადებების რისკს ამცირებს. მიეჩვიეთ მოცვს თქვენც და თქვენი ოჯახის თითოული წევრი. დაიმახსოვრეთ, რომ რასაც მშობლები მიირთმევენ, იმას ჭამენ პატარებიც. დილით მოაყარეთ მოცვი შვრიის ფაფას, მოამზადეთ სმუსი, ან უბრალოდ მარტივად ,პატარა ჯამით მოიდგით გვერდზე და გემრიელად მიირთვით წიგნის კითხვის დროს.


ქინოა - მცენარეული ცილის საუკეთესო წყარო! მასში ასევე დიდი რაოდენობითაა რკინა და კალიუმი. food4.ge-ზე ჩვენ ხშირად გვიყვარს ამ პროდუქტის გამოყენება განსაკუთრებით სალათებში, თუმცა ეს ისეთი მარცვლეულია, რომ ხილთან ერთადაც უგემრიელესია. მოდით მარტივად დაიწყეთ, თქვენი საყვარელი კიტრის და პომიდვრის სალათს მოაბნიეთ მოხარშული ქინოა და ისე მიირთვით.


ავოკადო - ხშირად გვწერენ, რომ ჩვენ შეგაყვარეთ ავოკადო. ეს სიტყვები ძალიან გვახარებს, რადგან ვხედავთ, რომ food4.ge-ს მთავარ მესიჯს სწორად იღებთ: იკვებოთ ჯანსაღად და ამავე დროს გემრიელად. ავოკადო უნიკალური ხილია, რომელიც საუკეთესოა საუზმეზე, ლანჩზეც და სადილის დროს. ნუ შეგაშინებთ მისი ,,კეთილი კალორიები"!


ორაგული - ძნელია ჩამოთვალო საკვები, რომლებიც უფრო მეტ ომეგა 3 ცხიმს შეიცავს, ვიდრე ორაგული. გრილზე მომზადებული ორაგული თქვენი ჯანსაღი მენიუს საუკეთესო არჩევანია.


ქეილი - ხუჭუჭა მცენარე კომბოსტოს ოჯახიდან. გული მწყდება, რომ ქეილი ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი და შესაბამისად პოპულარული საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს მალე გამოწორდება. ხშირად მინდა ხოლმე ქეილის ფურცლები უგემრიელეს სალათებში, წვნიანებში და სმუსებში გამოვიყენო და რეცეპტი გაგიზიაროთ, მაგრამ ამ ეტაპზე თავის შეკავება მიწევს. დღიურად ერთი ჭიქა ქეილის მიღება ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი 100% ივსება ვიტამინებით A,K,C.


თხილი - სუსნაობა გიყვართ? სხვადასხვა კანფეტების, კარამელების, ორცხობილების მაგივრად მაგიდაზე პატარა ჯამით დადეთ ნუში, თხილი, ნიგოზი და როდესაც მოგინდებათ რაიმეს გაკნატუნება, გეცოდინებათ, რომ ამით მხოლოდ კარგ საქმეს აკეთებთ: თქვენს ორგანიზმს ავსებთ მაგნიუმით, კალციუმით, რკინით და გულის დაავადებების და დიაბეტის რისკს ამცირებთ.


ჩია - მარცვლეული, რომელსაც სპეციფიკური გემო არ აქვს, მაგრამ ამ პატარა თესლში საოცარი ენერგია იმალება. განსაკუთებით პოპულარულია ჩიას პუდინგი, რომელიც საყვარელ ხილთან ერთად დილის საუკეთესო დასაწყისია. ეს უგემრიელესი საუზმე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჯანსაღი არ ნიშნავს უგემურს.

ბროკოლი - არ ვამეტებ: ჩემი 5 წლის შვილს ისევე უნათდება ბროკოლის დანახვაზე თვალები, როგორც შოკოლადზე. შესაბამისად, ტკბილეულზე ხშირად ბროკოლის დანახვა უწევს და ამით მეც კმაყოფილი ვარ და ისიც. ბროკოლი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ეცადეთ მიირთვათ უმი, ან გრილზე მოამზადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები. კვლებები ხაზს უსვამენ ბროკოლის კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს.


ასეთია Super Food -ის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. ვეცადე აქცენტი გამეკეთებინა პროდუქტებზე, რომლებიც სიახლეა და თან ხელმისაწვდომია საქართველოში. მოამზადეთ თქვენი ,,სუპერ კერძი"! რეცეპტების ინსპირაციას ეძებთ? ჩვენ აქ ვართ :)