უკვე მეორე თვეა ისევ უიმედოდ ვამოწმებთ თვითმფრინავის ბილეთებს. ,,თურქეთის ავიახაზები" ყოველ 10 დღეში ცვლის საქართველოსკენ მიმართულებით გამოსაფრენი რეისის თარიღს და ბოლოს ვნებდებით. ვხვდებით, რომ სხვა გზის ძიება უნდა დავიწყოთ. და ამ მოლოდინის რეჟიმში სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რას გავაკეთებ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები. თან ეს ხომ ჩვეულებრივი ზაფხულის ვიზიტი არ იქნება, მთელი ოჯახი გარკვეული დროით ჩვენს საყვარელ საგურამოში დავიწყებთ ცხოვრებას. გეგმები ბევრია, მაგრამ რადგან food4.ge-სთვის ვწერ ამ ბლოგს, საჭმლის თემას აუცილებლად უნდა შევეხო, ხოდა შევეხოთ...:)


როგორც წესი, უკვე თითქმის 10 წელია, თბილისში გამოფრენამდე ოჯახის წევრები გვისვამენ ჩვეულ შეკითხვას: ,,რა დაგახვედროთ?" ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა - ღომი, სულგუნი და კიტრი/პომიდორი. მიყვარს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე და მათი დამახასიათებელი კერძები, მაგრამ არაფერი მიყვარს ისე, როგორც მეგრული სამზარეულო (მეგრელი არადა არვინ მყავს საგვარეულოში). ხოდა რომ გითხარით, ოცნებებში დავფრინავდითქო საქართველოში წამოსვლამდე, გაგიმხელთ ერთ ჩემდა სამარცხვინოდ ამ დრომდე განუხორციელებელ, მაგრამ აუცილებლად განხორციელებად სურვილს: მოვხვდე სამეგრელოში მეგრულ სუფრაზე. ბევრს ალბათ გაგეცინათ, მაგრამ ასეა. ყოველ ზაფხულს ვიმუქრები, მაგრამ ისე გარბის ხოლმე 2 თვიანი არდადეგები, რომ ვერ ვასწრებ დასავლეთში წასვლას. წელს კი რაც არ უნდა მოხდეს (თუ ამ პანდემიამ გვაცადა რა თქმა უნდა), პირველად მივდივარ სამეგრელოში, ვათვალიერებ იქაურობას და მივირთმევ მეგრელი მზარეულების მიერ მომზადებულ ელარჯს. ისიც გამიგია, რომ ვერავინ ამზადებს მეგრულ კერძებს ისე, როგორც ნამდვილი მეგრელი. ხოდა სამეგრელო, დამელოდე, ატლანტიდან პირდაპირ ზუგდიდში მოვდივარ! :)


ახლა კი გეტყვით როგორ განვითარდა ჩვენი საქართველოში დაბრუნების ამბები, ვიცი, ბევრს აინტერესებს თუ რა გზას გადიან მგზავრები, ვიდრე დანიშნულების ადგილს მიაღწევენ. გეტყვით იმას, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ეხმარება უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს (საქართველოს მოქალაქეებს!!!), რომ დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისი ამსტერდამიდან თბილისში თვეში რამდენჯერმე ინიშნება და ყურადღებით უნდა იყო, რომ მოასწრო ბილეთის აღება. ჩვენ გაგვიმართლა და 3 თვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა 4 ბილეთი ჩვენია. რეისი: ატლანტა-ამსტერდამი-თბილისი.


ჩემოდნები უკვე დიდი ხანია ჩალაგებული მაქვს, წასასვლელი მაინც არსად მაქვს, რომ გავიპრანჭო. ხელჩანთები პირველ რიგში პირბადეებით, სადეზინფექციო ხელსახოცებით და გელით დავტვირთეთ. საკუთარ თავს პირობა მივეცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პირბადეს ერთ წუთითაც არ ვიხსნით და მაქსიმალურად ვეცდებით 5 და 7 წლის ბავშვების პირბადეები, მიუხედავად დისკომფორტისა, ყოველ წუთს გავუკონტროლოთ.


ატლანტის აეროპორტი როგორც წესი დღეში დაახლოებით 2500 ფრენას ახორციელებს და 275000 მგზავრს ემსახურება. ყველაზე აქტიური აეროპორტია მთელ ამერიკაში. შესაბამისად, პირველი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც პანდემიის ფონზე Harsfield-Jackson-ის აეროპორტში სრულიად სხვა რეალობა დამხვდა: ცარიელი შენობა. ბევრმა შეადარა დღევანდელი მდგომარეობა მძაფრსიუჟტიანი ფილმის სიუჟეტს, და მართლაც ასეა...სამწუხაროა, რომ ამ ფილმს დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. ასეთ სიტუაციაში ჩემ თავს ყოველთვის ვუმეორებ - ესეც ჩაივლის, აუცილებლად ჩაივლის.


რეგისტრაციის გავლის შემდეგ ცოტა ხანი ,,გეითთან" ველოდებით თუ როდის მოგცემენ Delta-ს თანამშრომლები ჩასხდომის უფლებას. დროის გაყვანის მიზნით ვაკვირდები მგზავრებს, რომლებთან ერთადაც 8 საათი უნდა ვიფრინო. ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ,,აღჭურვილები" აზიელი ახალგაზრდები არიან: აცვიათ სპეციალური თეთრი ტანსაცმელი, დიდი გამჭირვალე სათვალე (წყლის სათვალეს ჰგავს), რა თქმა უნდა ხელთათმანები და პირბადე. განსაკუთებით შეშინებული შეხტება ხოლმე ამერიკელი ქალბატონი, რომელიც ჩემი შვილის ავლა-ჩავლაზე შეწუხებული იყურება აქეთ-იქით. როგორ მინდოდა ჩუმად მივსულიყავი და მეთქვა - ,,BOOM"! ზოგი რა უცნაურია, თუმცა ვერ გაამტყუნებ, რა ქნან. უფრო მეტად დავმშვიდდი, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები პირბადეების გარეშე დავინახე, რადგან ანას და სანდროს 1 საათში უკვე მობეზრებული ჰქონდათ შენი პირბადე და თან არავის მოუცია შენიშვნა. 10-15 წუთში ერთხელ აქტიურად ვამუშავებ მათ პატარა ხელებს.


შემდეგი გაჩერება - ამსტერდამი. იგივე სიცარიელე. დახურული რესტორნები. მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს და თანამშრომლები შესასვლელში პირბადის მიღმა მომღიმარი სახით და სადეზინფექციო გელით გეგებებიან. უცანურია რომ ვერ ხედავ შემდეგ რეისზე მორბენალ მგზავრებს, დაღლილ სახეებს, ვერ ხედავ ლამაზად ჩაცმულ ბორტგამცილებლებს, რომლებიც ყოველთვის იქცევენ სხვების ყურადღებას. ასეთი სიწყნარე უზარმაზარი აეროპორტისთვის ნამდვილი სასჯელია.


GATE E4- თან საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან. ჰოლანდიელი თანამშრომლების თხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა დისტანციას არავინ იცავს, თუმცა პირბადეები ყველას უკეთია. სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ქართველი ბორტგამცილებლები ძალიან კეთილგანწყობილები გვხვდებიან, მათი სიმშვიდე და განწყობა დადებითად მოქმედებს. 4 საათიანმა ფრენამ უცებ ჩაიარა. დანიშნულების ადგილი - თბილისი.


თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ ჰოლში ქართველი პოლიციის თანამშრომლები გვხვდებიან და ძალიან ორგანიზებულად გვიძღვებიან წინ, რომ რამდნიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გავიაროთ: დაფიქსირდეს ტემპერატურა, დაფიქსირდეს ჩვენი პირადი ინფორმაცია და 14 დღიანი კარანტინის ათვლაც დაიწყო.


დარჩენილია 8 დღე.