მახსოვს, დედა როგორ მიმზადებდა ჯანსაღ საუზმეს დილაობით სკოლაში წასვლის წინ. სულ არ მიყვარდა ზოგი პროდუქტი მაგ. ხაჭო, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ მომწონდებოდა: ხან პატარა შოკოლებით მორთავდა, ხან მაჭკატებს ამზადებდა. ახლა რომ ვფიქრობ, ზუსტად ესაა ბალანსის მაგალითი, რომ ჩვენთვის საყვარელი და საჭირო გავაერთიანოთ. მთავარი ამოცანა კი ამ ბალანსის მოფიქრება და აღმოჩენაა. 


სანამ ნუტრიციოლოგია ჩემს პროფესიად იქცეოდა, უამრავი რამე გამოვცადე ჩემს თავზე. ისეთი კვების რეჟიმიც კი, რომელიც წარმოუდგენელ მოლოდინებს გიქმნის, მაგრამ საერთოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ამიტომ, კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც მონოდიეტების იმედი აქვს, შემდეგ კი მორიგ იმედგაცრუებას ებრძვიან. All or nothing თეორია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომაა, რომელიც ბალანსის საპირისპირო ხედვაა. ეს გულისხმობს ან ყველაფრის იდეალურად, უნაკლოდ და შეცდომის გარეშე შესრულებას ან რეჟიმის სრულიად არევას და არაფრის გათვალისწინებას. ეს თეორია ვრცელდება ყველაფერზე: მუშაობაზე, დასვენებაზე და რასაც პირადად ყველაზე ხშირად ვაწყდები - კვებაზე. კვების კონსულტაციის დროს ადამიანების უმეტესობა მიზიარებს თავის გამოცდილებას, რომ ხშირად 1 ან 2 კვირიან მკაცრ, უნაკლო კვების რეჟიმს იცავენ, იმის გამო, რომ შემდეგ რეჯიმი დაარღვიონ და ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღონ. რა მოაქვს ამ მიდგომას? რა თქმა უნდა დროებითი, არარეალური შედეგი, გამოფიტული ორგანიზმი, სადაც ბალანსის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ზედმეტად იდეალურად ჯანსაღი კვება გარკვეულწილად კვების დარღვევებშიც კი გადის. ორთორექსია ახლად აღმოჩენილი კვებითი აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი იმდენად ცდილობს სუფთად და ჯანსაღად იკვებოს, რომ კალორიების და ნუტრიენტების სერიოზულ დეფიციტამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე. ეს დარღვევა გულისხმობს ჯანსაღი კვების არასწორ გაგებას და უამრავი პროდუქტის მთლიანად ამოღებას რაციონიდან. 


ბალანსის აღმოჩენის პროცესი მარტივი და სწრაფი ნამდვილად არ არის. მეტიც, მთელი ცხოვრება გრძელდება. მაგრამ ცხოვრების ხარისხი სასწაულად იცვლება, როდესაც ჩვენი ორგანიზმის მოსმენასა და გათვალისწინებას ვიწყებთ. არ სჯობს, რომ ექსტრემალური მიდგომების მაგივრად ჩვენს რაციონში გავაერთიანოთ ის, რაც აუცილებელია და ის, რაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს?! ეს კი სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ მეტი დაკვირვება, სწორი მიმართულება და ბევრი მოთმინება გვჭირდება. დაკვირვება ბალანსის პოვნის მთავარი ნაბიჯია, უნდა დავუმეგობრდეთ და გავიცნოთ ჩვენი ორგანიზმი და მისი რეაქციები. მაშინ როცა თავს კარგად გრძნობთ, დააკვირდით სად ხართ, ვისთან ერთად ხართ და რა ხდება თქვენს გარშემო. ამ პრინციპის მიხედვით უნდა დავადგინოთ, რა საკვები გვსიამოვნებს და უხდება ჩვენს ორგანიზმს (შეგახსენებთ რომ ყველაფერი ინდივიდუალურია). მაშინ როდესაც ამ ყველაფრის შესწავლა დავიწყე და თან საცხოვრებლად ლონდონში გადავედი, სადაც უამრავი ჩემთვის ახალი საკვები იყო ხშირად შემდეგ მეთოდს ვიყენებდი: ვიწერდი ან მოკლედ ტელეფონში ვინიშნავდი, თუ რას მივირთმევდი დღის განმავლობაში, ხოლო დღის ბოლოს ვაანალიზებდი სიმპტომებს - როგორ ვგრძნობდი თავს. მსგავსი მეთოდი ყველაზე სწრაფია და გვეხმარება საკუთარი სხეულის გაცნობაში, რის შემდეგაც ბალანსის დაცვა უფრო მარტივი ხდება. არ გეგონოთ, რომ ბალანსი ყოველთვის დაგეგმილ ცხოვრებას ნიშნავს, პირიქით ეს გვაძლევს საშუალებას სპონტანურათაც გადავუხვიოთ გეგმას და უცებ მეგობრებთან ერთად წავიდეთ საღამოს სავახშმოდ. 


ბალანსზე საუბრისას, შეუძებელია არ ვახსენოთ მუშაობისა და ცხოვრების ბალანსი. რა აზრი აქვს იდეალურად კვებას, ვარჯიშს და მუშაობას, თუ საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ ვართ? ასეთი ცხოვრების ხარისხი არ შეესაბამება იმ რეჟიმში ჩადებულ ენერგიას. ბევრჯერ გადავაწყდი საკუთარ თავში მსგავს ფაქტს, რომ იდეალურად მიდის საქმე, მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესიც, მაგრამ ამ დროს ჩემი სურვილები, სილაღე და ჩემი რეალური სახე თითქოს სადღაც გაქრა. ამიტომ ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და დანიშნულება აქვს ცხოვრებისეულ ბალანსში. იმის გამო რომ პერფექციონისტი ვარ (რასაც ნელ-ნელა ვამარცხებ), სულ ვახსენებ ჩემს თავს, რომ მთავარია ჩემი შედეგი გავაუმჯობესო და სულ არ არის აუცილებელი ყველაფერი იდეალურად იყოს. აუცილებელია დაიწყო და სცადო რაიმე ახალი და არ დაელოდო, არც იდეალურ დროს და არც მოტივაციას. მოტივაციაზე უფრო განსხვავებული აზრი მაქვს და არ ვთვლი, რომ აუცილებელია, თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად ცხოვრებაში. მოტივაცია არასდროს არის მუდმივი და რაღაც ეტაპზე აუცილებლად ქრება, რაც შემდეგ დიდი იმედგაცრუებაა. მოტივაციის უდაოდ კარგი კონკურენტია თვითდისციპლინა. თუ ახალ ჩვევას დანერგავთ, რომელსაც ყოველდღიურად თვითდისციპლინის დახმარებით გაიმეორებთ, ეს თქვენი რეჟიმის ნაწილი გახდება. ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება კი ჯანმრთელობის საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც მოტივაციისგან განსხვავებით, მარტივად არ ქრება. როგორც ნუტრიციოლოგი, ყოველთვის ვცდილობ რეალური რეკომედაციები მივცე ადამიანებს, რომლებსაც პრაქტიკულ ცხოვრებში გამოყენებენ. მედიამ და განსაკუთრებით სოციალურმა ქსელებმა, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ჯანსაღი კვების არასწორი ხედვების ჩამოყალიბებას. ამიტომ, აუცილებელია ხშირად ვისაუბროთ ბალანსზე და გავხსენოთ, რომ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი მიირთვას გარკვეული დოზით და საერთოდ არ თქვას თავის სურვილებსა და სიამოვნებაზე უარი. ბალანსის პოვნის პროცესში ახალ და თავისუფალ ეტაპს მიაღწევთ ცხოვრებაში, ამიტომ დაუთმეთ დრო საკუთარი თავის აღმოჩენას.