უახლოესი კვირების განმავლობაში მთელს მსოფლიოში ვირუსმა უდიდესი ქაოსი გამოიწვია. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა. დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ეს ვირუსი ძალიან დიდ რისკს წარმოადგეს. ვერ დაგპირდებით რომ ჩემი ბლოგით რაიმე ისეთს ისწავლით რაც დაგიცავთ COVID-19ისგან, თან მე პროფესიით ექიმი არ ვარ ვისაც ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ვიდრე თქვენ. 

სამაგიეროდ ვარ სპორტული ნუტრიციოლოგი და ვიცი ერთი წამალი რომელიც ყველაფერს შველის. ამ წამალს თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვიყენებთ და მისი სახელია - საჭმელი. 

გამოქვაბულში მცხოვრებ ხალხს საერთოდ არ ჰქონდა წამალი სამკურნალოდ, სამაგიეროდ ჰქონდათ საჭმელი, რომელსაც აძლევდა ბუნება. ეს საჭმელი იყო დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სამყარო ზუსტად ამის ხარჯზე მოვიდა აქამდე. 

ჩვენი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ მივიღოთ სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვები. კვების რაციონი უნდა გავამდიდროთ ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით და მინერალებით. ვჭამოთ რაც შეიძლება ფერადი ბოსტნეული. რაც უფრო მეტ ფერს შეიცავს თქვენი ბოსტნეულით სავსე თეფში, მით უფრო მეტ ბოჭკოს, ვიტამინს, მინერალს, ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, გამწმენდ საშუალებებს იწოვს თქვენი ორგანიზმი. დროა ადამიანები მივხვდეთ, რომ ის რას აწვდი ორგანიზმს პირდაპირ პროპორციულია როგორ ვუვლით ჩვენს ჯანმრთელობას.

დღევანდელ დღეს საკმაოდ რთული გამოწვევაა იმის გაკონტროლება რას ვჭამთ. მაღაზიებში ზედმეტად დამუშავებული, ტრანსცხიმებით გაჯერებული პროდუქტებით არის დახლები სავსე. პროდუქტებით, რომელიც უფრო იაფია ვიდრე დაუმუშავებელი ბუნებრივი საკვები და თან საკმაოდ გემრიელიცაა. მაგრამ კარგია თუ დავიმახსოვრებთ, რომ ორგანიზმისთვის დამუშავებული იაფფასიანი პროდუქტის მიწოდება დროთა განმავლობაში უფრო ძვირი გვიჯდება ჯანმრთელობის ფასად. თან მგონი ჯანმრთელობას რომ ძალიან დიდი ფასი აქვს ბოლო კვირების განმავლობაში უფრო დავრწმუნდით. ის კვების რაციონი რომელითაც რაღაც დაავადებამდე მივედით ვერ დაგვეხმარება გამოჯანმრთელებაში. 

უამრავი ნუტრიციოლოგი ამბობს, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი კალორია, რომ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღებას რა რაოდენობას ვჭამთ და არა იმას რას ვჭამთ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საკვები არ არის მხოლოდ კალორია რომელიც გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, კალორია, რომლის დეფიციტიც გვახდუნებს და კალორია რომლის გადამეტებაც გვასუქებს.  საკვები ამაზე ბევრად მეტია. საკვები არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს გენს ვაწვდით, როგორ ინფორმაციასაც მივაწვდით ისეთივე პასუხი იქნება მისგან. თითოეულ ლუკმას შეუძლია მთელი ჩვენი ბიოლოგიური სისტემის კარგისკენ ან ცუდისკენ შეცვლა. ამიტომ, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი ყურადღების მიქცევაა საჭირო. 

ჯანმრთელობის და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად მე გირჩევთ: ჭამე რეალური, ჯანსაღი საკვები, ივარჯიშე, დალიე წყალი, დატკბი მზით და სუფთა ჰაერით, დაიძინე ადრე, გაუკეთე საკუთარ თავს კომპლიმენტები და იყავი პოზიტიური.