მოდით, წარმოვიდგინოთ ქართული ტრადიციული სუფრა. მე ვხედავ გრძელ მაგიდას თეთრი გადასაფარებლით. თანაბარი რაოდენობით გადანაწილებულ მწვანილის ასორტს, დაუჭრელ კიტრთან და პამიდორთან ერთად. მჟავე კიტრის, ჯონჯოლის და წიწაკის თეფშიც იქვეა. ფხალი? რა თქმა უნდა. სხვადასხვა ფერის და სახეობის. შემწვარი წიწილა, უკვე გაციებული, მაგრამ მოოქროსფრო და მადისაღმძვრელი. თონის პურები... ქარხნული და იმერული ყველი. ეს რაც საბაზისოა, შემდეგ თქვენი ფანტაზიის საკითხია - ამ სუფრაზე შემწვარი გოჭი წარმოგიდგენიათ, საცივი, ხაჭაპური თუ გადახვეული კომბოსტო ნიგვზით (ღმერთო, ერთი ნაჭერი მომივლინე აქ, ახლა!), ქათმის სალათა ბროწეულით თუ შემწვარი კარტოფილი. ღვინო, რა თქმა უნდა. შუშის ან კერამიკის ჭურჭელში. თეთრი მშრალი. დაბალი ბროლის ჭიქებით, თითო სადღეგრძელოზე თითო ასეთი ჭიქა რომ ისმევა. გრძელ ფეხება ჭიქები და წრუპვა რა მოსატანია, ღმერთო ჩემო... და ამ სუფრაზე უალკოჰოლო სასმელების ტრიოს ხედავთ? რომ ჩადგამენ ხოლმე, ძირითადად მწვანილის ან ბოსტნეულის თეფშებთან ახლოს. აი ასეთ ტრიოში ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვერ ვიხსენებ ოდესმე ბორჯომის გარდა სხვა გაზიანი მინერალური სასმელი თუ ყოფილა ჩვენს ოჯახში. არა, არასდროს. წლების განმავლობაში, ბორჯომი ქართული სუფრის თუ ყოველდღიურობის განუყრელი ატრიბუტია ჩემთვის. სხვა მინერალური წყალი არ არსებობს. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მომწონს ბორჯომის გემო, მისი შუშის ბოთლი, დიდიც და პატარაც. რაც მთავარია, ჩემთვის ბორჯომი ოჯახთან, ქართულ სუფრასთან, სითბოსთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
მახსოვს, ბაბუაჩემმა ერთხელ მითხრა, ბორჯომი კომუნისტების დროს აფთიაქებში იყიდებოდა სუფრის კოვზის დოზებითო. როგორც სამკურნალო სასმელი კუჭის წყლულისთვის. ყოველთვის ასე კი არ იყო, ბოთლის ყიდვა ჩემს ახალგაზრდობაში სად შეგვეძლოო. უცებ წარმოვიდგინე, ბორჯომი ძალიან რომ გინდა, უნდა გაიარო მთელი ქუჩა, მიაგნო შენი უბნის აფთიაქს, იყიდო და დალიო სუფრის კოვზებით. ნეტა რამდენი? 5? როგორ უნდა მომიკლას წყურვილი სუფრის კოვზით? ძალიან დიდი დანაკლისი მექნებოდა ამ რეალობაში. მაგრამ არის ამაში რომანტიკა. თითქოს ბორჯომის შუშის ბოთლი ამ წარსულს თან ატარებს და რაღაც განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს თანამედროვე ადამიანების თვალში. შეიძლება ეს სუფრის კოვზების ისტორია ბევრმა არც კი იცის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ბევრი გრძნობს რამხელა ისტორიაა ამ სახელის უკან. ბოლოს და ბოლოს ბორჯომმა ის შეძლო, რომ უტელევიზორობის და ურეკლამობის ერაში ყველაზე გაყიდვადი უალკოჰოლო სასმელი გახდა მთელს საბჭოთა კავშირში. ე.წ. რკინის ფარდაც კი გაარღვია და ევროპასა და აშშ-შიც გამოჩნდა.
ეს მსოფლიო აღიარების ფენომენი კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ბორჯომი ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. აი, სახლში ჩამოსხმული ღვინოსავითაა, ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება იყოს.
ამიტომ ჩვენთან ბორჯომია. ყოველთვის.