ზაფხული გადის, ახლა ალბათ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობასა და შთაბეჭდილებაზე უნდა ვწერდე, მაგრამ წელს ერთი ქვეყნის შიგნით ვტრიალებთ. რეალობამ გვიბიძგა, არჩევანიც არ დაგვრჩა და კამპანიამაც იმუშავა, ალბათ - „იმოგზაურე საქართველოში“. მოგზაურობენ ქართველები სამშობლოში და „შოკში არიან". ნეტავ, რომ არა კორონავირუსი როდემდე არ ნახავდნენ სვანეთს, თუშეთს, რაჭას და რამე სხვას თბილისს იქით?! არა, შესაძლოა ბევრს ნანახიც ჰქონდა, მაგრამ ახლა სხვა თვალით შეხედეს, აღმოაჩინეს რომ კარგი ჰაერი ყოფილა, წვიმაც ასწორებს, შეშის ფეჩიც და ძვირადღირებული სასტუმროებიდანაც მაგარი ხედებია, ფოტოებიც კარგი გამოდის თურმე და სთორებშიც კარგად გამოიყურება საქართველო. საჭმელიც ყოფილა ისეთი, აქამდე გაგონილიც რომ არ ჰქონდათ. წერენ და კითხულობენ სად რა ჭამონ და რჩევებსაც იღებენ. კარგია!


მე ისე აღმოჩნდა, რომ თურმე გამიმართლა, თითქმის მოვლილი მაქვს საქართველო. თუმცა ახლა არჩევანია გაცილებით მრავლფეროვანი. მე რომ წლების წინ მთიან აჭარაში ვიყავი, არც სასტუმროები იყო და არც კვების ობიექტები, ვერც რჩევას ვკითხავდი ვინმეს სად რა მეჭამა. რაჭაშიც ასე იყო, ვის სახლში გაგვანაწილეს დასაძინებლად არც მახსოვს. გეოგრაფიულად ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ სივრცითი მოწყობა აშკარად იცვლება. ბავშვობა შეკვეთილის სანაპიროზე გავატარე, იქამდე მისასვლელად ჭაობი და ხშირი ტყე უნდა გაგევლო, ახლა ბეტონის გზით მიხვალ. შატილშიც, ახლა ტელფონი იჭერს, მე რომ ვიყავი ცოტა შიშმა ამიტანა იმდენად მოწყვეტილი აღმოვჩნდი გარესამყაროს. მგონი, ესეც კარგია!


ყველა ადგილი სადაც ვყოფილვარ ხედების, ბუნებისა და ღირშსანიშნაობების გარდა გემოთიც მამახსოვრდება. ვფიქრობ, მარტო მე არ ვარ ასე. ალბათ, ამიტომაც არის ბევრი კითხვა სხვადასხვა ჯგუფში თუ სად რა დააგემოვნონ და ამიტომაც არსებობს მსოფლიოში გასტრო-ტურიზმი. მაგალითად, წელს ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ წავიდა სამეგრელოში, რომ გემრიელად ეჭამა, ოღონდ ზუსტად იცოდა სად უნდა მისულიყო და სად რას ამზადებდნენ ყველაზე კარგად. რომ ყვებოდა გულით ვიცინოდი, ისეთი შემართებით გეგმავდა ამ ტურს. ბოლოს კი თითქოს თავის გასამართლებლად  დაამატა, რომ კარგი დასვენება კარგი კვების გარეშე ვერ წარმოედგინა. ალბათ, ბევრი ფიქრობს ასე. ყოველშემთხვევაში ახალ ადგილებში ახალი გემოების აღმოჩენა მოგვწონს. მეც ვფქრობ სწორედ გემოს ან სუნს შეუძლია ჩვენში მოგონებების აღძვრა და დიდ ხანს დარჩენა, ასოციაციების წარმოქმნაც. აი, როცა რაღაცის გემო ან სუნი კონკრეტულ ადგილს ან სიტუაციას უკავშირდება ხოლმე.



დილით ჩემი მეგობრის ფოტო ვნახე სოციალურ ქსელში, სვანეთშია და ჭვიშტარებს მიირთმევდა. გამახსენდა, ჩემთვის ნამდვილი ჭვიშტარი  სოფელ უდაბნოს უკავშირდება, კახეთშია, მაგრამ სვანები ცხოვრობენ და პირველად ბებიამ წამიყვანა. შეშის დიდი ფეჩი რომ დაანთეს, ეზოში კაკლის ხიდან რამდენიმე ფოთლის მოწყვეტა დამავალეს. ვერ მივხვდი მიზანს, მაგრამ დავალება შევასრულე. შემდეგ ამ ფოთლებში ჭვიშტარი გაახვიეს და ისე გამოაცხვეს, დღემდე მახსოვს მისი გემო!