ამ ახალ წლებზე ლავამ ისევ მაჩვენა ჰოლანდიიდან გამოგზავნილი ღია ბარათი. მისმა მეზობლებმა, გეი წყვილმა ტრადიციულად მოულოცეს ბებოს შობა-ახალი წელი. ლავაც ისევ მეუბნება, რომ ძალიან ენატრება ისინი და რომ მათგან კარგის მეტი არაფერი ახსოვს. ბებიაჩემი ლავა 76 წლისაა, დილა-საღამოს კითხულობს ლოცვებს, დადის ეკლესიაში, მარხულობს, ეზიარება და ა.შ. ხოდა როცა ჰოლანდიელ მეზობლებზე მიყვება მე მაგრად ვკოცნი და არაფერს ვეუბნები. მგონია რომ სიტყვები ზედმეტია. ლავამ 12 წელი იცხოვრა ნიდერლანდების სამეფოში როგორც მოქალაქემ, ბევრიც იმოგზაურა და ყველა ქვეყანაში ეძებდა ვინმე ლავას, რათა ეკითხა რატომ შეურჩიეს ასეთი სახელი. ერთხელ მოსკოვში ყოფნისას ნეკროლოგში ამოუკითხვას, რომ ვინმე ლავა გარდაიცვალა, ესეც პანაშვიდზე აპირებდა მისვლას, რომ გარდაცვლილის სახელის წარმომავლობა გამოეკითხა. ძლივს გადააფიქრებინეს უცნობ ჭირისუფალთან მისვლა. თავად კი ეს სახელი მამამ დაარქვია, მამამ რომელიც არასოდეს უნახავს. გრიგოლ იოსელიანი იმ დროისთვის „გამორჩეულად“ მოაზროვნე ახალგაზრდა იყო, ისეთი, საბჭოთა რეჟიმს რომ გულზე არ ეხატებოდა. ამიტომ ადგა და სასწავლებლად ბაქოს უნივერსიტეტში წავიდა. უყვარდა წერა, სულ წერდა და ბოლოს აწერდა ინიციალებს “ლავა”. ბაქოში სწავლის დროს კი მუდამ ელოდა ცნობებს საქართველოდან ორსულად მყოფი მეუღლისგან. თუმცა სანაცვლოდ მიიღო ცნობა ომის დაწყების და გაწვევის შესახებ. ბოლოს მხოლოდ იმის მოწერა მოასწრო, რომ თუ გოგო დაიბადებოდა დაერქმიათ ლავა. ლავა უმამოდ გაიზარდა, იმიტომ რომ ჩემი დიდი ბაბუა ომიდან აღარ დაბრუნებულა. ვიცით რომ ტყვედ ჩავარდა და გადარჩა. თუმცა არც ტყვეობიდან გადარჩენილებს წყალობდა საბჭოთა რეჟიმი და სამშობლოში დაბრუნებულებს კარგი ბედი არ ეწერათ. ამიტომაც აღარ დაბრუნებულა გრიგოლი. ის ბევრი ეძებს ჯერ მშობლებმა, შემდეგ შვილმა, ბოლოს ლავას ურჩიეს შენც შვილი გეზრდება და შეეშვი, რეჟიმს ნუ ეთამაშებიო, ცოცხალია და კარგად არისო.  ასე ჩაძირა ბებიაჩემა მამამისი თავის გონებასა და წარმოსახვაში. სანამ 1969 წელს ძველით ახალი წლის ღამე არ დადგა. „რადიო ხულიგნების დახმარებით“ ბებო ამერიკის ხმას უსმენდა. წამყვანი მსმენელის ზარებს პასუხობდა, საუბრობდნენ ახალი წლის ტარდიციებზე. ამ დროს მამაკაცმა დარეკა და დაიწყო მოყოლა როგორ ხვდებოდნენ მის სოფელში ძველით ახალ წელს. მოყვა, რომ 13 იანვრის ღემეს აცხობდნენ კვერებს ოჯახის ყველა წევრისთის, სახლის კართან კი ტოვებდნენ დიდ გობს სავსეს ხილით, ტკბილეულით და კიდევ ბევრი სანოვაგით - ეს ყველაფერი მეკვლესთვის იყო. მეკვლე აიღებდა გობს და ხვავითა და ბარაქით შემოვიდოდა მათ ოჯახში. ლავა ბებო უსმენდა მამაკაცს რადიოში და ეგონა რომ მისი ოჯახის, ბებია-ბაბუის სოფელზე ყვებოდა, თუმცა ყველაფერი წინ იყო... მამაკაცმა დაასრულა საუბარი და თქვა რომ არის გრიგოლი მარსელიდან. ბებია მიხვდა რომ მამამისს უსმენდა, პირველად გაიგო მისი ხმა. მეორე დილით ბებოსთან გრიგოლის ბავშვობის მეგობარი მივიდა. აღმოჩნდა, რომ ისიც უსმენდა იმ ღამით რადიოს და მან ხმაზეც კი იცნო მეგობარი. ამის შემდეგ მამაჩემი ხუმრობდა ხოლმე, რომ ოდემსე მარსელიდან მიიღებდა წერილს და ანდერძს ბაბუისგან. თუმცა ეს ხუმრობა ხუმრობად დარჩა. მარსელიდან ბებოს არანაირი ცნობა არ მიუღია. მისი აზრით ახალგაზრდა მამამისმა შექმნა ახალი ოჯახი და დაიწყო ახალი ცხოვრება. მარსელიც რეალურად ჟღერდა, თურმე ის გიჟდებოდა ზღვაზე და ზღვისპირა ქალაქებზე. შესაძლოა ასეც მოხდა... 

იმ ჯადოსნური ღამის შემდეგ  ბევრი წელი გავიდა, ერთხელ ბებო საფრანგეთშიც ჩავიდა, თუმცა აღარ უცდია რაიმეს მოძიება. ალბათ მისთვის ასე ჯობდა. ჩვენ კი დაგვრჩა რაღაც მისტიური, ჯადოსნური ისტორია და არასოდეს მბეზრდება მისი მოსმენა. ბებოს ისტორიების მოსმენად ღირს ხოლმე 13 იანვრის ღამეს ოჯახის წევრებთან ერთად შეკრება და კიდევ ერთი ახალი წლის მილოცვა.