ჩემი მაღვიძარა ზარს 6:00 საათზე რეკავს. ჯერ ისევ ბნელა. თავიდან ასე ადრე ადგომა თითქოს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ისედაც აჩქარებულ სამყაროში ყველა წუთი დასაფასებელია და რაც უფრო მეტად გავიხანგრძლივებთ თითოეულ დღეს, უკეთესი ჩვენთვის. ჩემი ადრე ადგომის მიზეზი ჩემი შვილებია. მას შემდეგ, რაც მათ სკოლაში ვაცილებ, სახლში საოცარი სიმშვიდეა. ჩვენს ოჯახში არ გვაქვს საკაბელო არხები, მთელი დღე შეგნებულად არ ვრთავ ტელევიზორს. ახალ ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტით ვიღებ, ისიც მხოლოდ მინიმალური დოზით. 

სიჩუმემ შეჩვევა იცის...ამ სიმშვიდეს პირველ რიგში ის გარემო მიქმნის, სადაც ვცხოვრობ. ჯორჯიის შტატი, ქალაქი ატლანტა, ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დასახლებული ადგილია ამერიკაში; საცხოვრებელი სახლები ფაქტობრივად ჩამალულია უზარმაზარ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს შორის. მე ყოველ დილას სახლის ყველაზე ნათელ კუთხეში ვკალათდები და დიდი ფანჯრების მიღმა ველოდები ნაცნობი სახეების გამოჩენას. იცით ვინ არიან ისინი? ჩემი მეზობლები, რომლებიც ჩემსავით ადრე დგებიან და ზოგი ბავშვთან, ზოგიც ველოსიპედით, ზოგი მარტო, ან ყველაზე ხშირად ძაღლთან ერთად ჩქარი ნაბიჯით რამდენჯერმე შემოუვლიან ხოლმე უბანს. მე მომწონს მათი ცხოვრების სტილი და ცოტა ხანში სასიამოვნო ღიმილით ,,ბედნიერ დღეს” ვუსურვებთ ერთმანეთს.

საოცარი ენერგიით დატვირთული საუზმისთვის ვემზადები. უკვე წლებია ჩემი დილა ერთი ჭიქა წყლით იწყება. წყალში ლიმონის, ან გრეიფრუტის თხელ ნაჭერს ვაგდებ. ვსვამ და ვგრძნობ როგორი მადლიერია ჩემი ორგანიზმი.

წყლის მნიშვნელობაზე ბოლო პერიოდია ძალიან ბევრს საუბრობენ. მომწონს ის პროპაგანდაც, რომელიც გვიხსნის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს წყალს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ვამაყობ, რომ ჩემი მეგობარი სალომე ერთ-ერთი ეკო-ჯარისკაცია.  

სოფი (ჩემი ძაღლი) მელოდება. ჯერ მას ვანაყრებ, შემდეგ კი მშვიდად ვიწყებ ჩემი ბედნიერების ელექსირის მომზადებას. საყინულეში ყოველთვის მაქვს კენკრა, რომელიც სმუსის მთავარი ინგრედიენტია. ბლენდერში ერთ ჭიქა კენკრას და ბანანს ნუშის რძეს ვამატებ, და რამდნეიმე წამში ბოლო პერიოდში ამოჩემებული კოპლებიანი ჯამი სმუსით ივსება. ზედაპირის ნახევარს გრანოლას ვაყრი, მეორე ნახევარზე კი ცოცხალ ხილს და ჩიას პუდინგს ვამატებ. უშაქრო ცხელი ყავის ფინჯანი ხელს ოდნავ მწვავს და  ჩქარი ნაბიჯით ისევ საყვარელ ადგილს ვუბრუნდები.

მზის სხივებს უკვე ღრმად შემოუღწევიათ ოთახში...