30 წელი არ მიყვარდა წყალი. უბრალოდ, არ მახსენდებოდა. რა თქმა უნდა, როცა მწყუროდა, მაგალითად ვარჯიშის დროს, სიცხეში, ზედმეტად მარილიანი საჭმლის შემდეგ ორგანიზმი ითხოვდა წყალს, მაგრამ ზოგადად, დღე ისე გავიდოდა, მხოლოდ 1 ჭიქა წყლის დალევას თუ მოვაბამდი თავს. ასე გრძელდებოდა 30 წელი, სანამ ერთხელ, ჩემს დერმატოლოგს არ მივაკითხე ზედმეტად გამომშრალი კანის პრობლემით. კონსულტაციის ბოლოს, როცა ექიმმა დანიშნულება დამიწერა, ბოლოს მითხრა - ჩვენი ქვეყანა სასმელი წყლით მდიდარია და არ მოიკლო უფასო საშუალება, რომ კანი გქონდეს დატენიანებული და გაწმენდილიო.

თითქოს თვალი ამეხილა იმ დღის შემდეგ, ნეტა სად ვიყავი აქამდე?

ჩემს რეცეპტებში ხშირად გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრებისთვის განკუთვნილ კერძებს. წყალიც ჯანსაღი ცხორვების განუყოფელი ნაწილია. რატომ? გთავაზობთ 5 ძირითად მიზეზს:


  • H2O დეპრესიის წინააღმდეგ!

და არამარტო დეპრესიის. ზოგადად, როცა მეტ წყალს ვიღებთ, განწყობაც გვიუმჯობესდება, უფრო ენერგიულები ვხდებით და შესაბამისად - პროდუქტიულები. ზოგადად, ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანო უკეთესად ფუნქციონირებს წყლით გამდიდრებულ გარემოში. განსაკუთრებით მათ, ვისაც სტრესული სამუშაო გაქვთ, დააკვირდით - როცა საჭირო რაოდენობის წყალს მიიღებთ, ნაკლებად აგრესიულები, გაღიზიანებულები და გაბრაზებულები იქნებით. ზოგიერთი კვლევა იმასაც გვაჩვენებს, რომ საჭირო დოზით წყლის მიღება თავის ტკივილსაც ამცირებს. არ დაელოდოთ სანამ მოგწყურდებათ, წყურვილი უკვე ნიშნავს იმას, რომ დეჰიდრატირებული ხართ და წყალი გაკლიათ.

  • ჯანმრთელი თირკმელები

ყოველდღიურად 8-9 ჭიქა წყლის დალევით აირიდებთ კენჭების წარმოქმნას. წყალი ხელს უწყობს იმ მარილების და მინერალების დაშლას, რომელიც შესაძლოა კენჭებად გარდაიქმნას.

  • ლამაზი კანის საწინდარი

ანუ რითიც დავიწყე ეს ბლოგი - ბოლოს და ბოლოს დერმატოლოგებიც ამას გვირჩევენ. რა თქმა უნდა, წყალი არ გაგვისწორებს თვალის კუთხეებში უკვე გაჩენილ ნაოჭებს, მაგრამ ნამდვილად დაგვეხმარება პრევენციაში და მათი გაღრმავების თავიდან აცილებაში. წარმოიდგინეთ - კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც წყლით იკვებება. რაც უფრო მეტს დავლევთ, ჩვენი კანი უკეთესად დატენიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება უფრო ელასტიური. გამომშრალი კანი უფრო ხშირად გვაძლევს დაჭიმულობის შეგრძნებას, ქავილიც და მსუბუქი აქერცვლაც ამ ყველაფრის შედეგია. ასე რომ, პატივი ეცით თქვენი სხეულის ყველაზე დიდ ორგანოს და დალიეთ წყალი.

  • გვეხმარება საჭმლის მონელებაში

წყლის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხმაება ყაბზობის თავიდან აცილებაში.

  • გვეხმარება წონის კონტროლში

თუ ვინმე გეტყვით, რომ მხოლოდ წყლის სმით დაიკლებთ, არ დაიჯეროთ. ეს ტყუილია. წყალი ვერ გადაგიჭრით ამ პრობლემას, თუ სწორად არ იკვებებით და ფიზიკურად არ ტვირთავთ ორგანიზმს. მაგრამ 2 ჭიქა წყლის დალევა საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ნამდვილად შეცვლის სურათს. ამ დროს თქვენ უფრო მალე დანაყრდებით და ნაკლებს შეჭამთ.



თუ თქვენ გეზარებათ და გავიწყდებათ წყლის დალევა, სცადეთ შემდეგი:

  • წყლით სავსე ჭიქა საწოლთან

ძილის წინ, ყოველთვის ვავსებ ჭიქას და საწოლის გვერდით ვდებ, რომ დილით, როცა გავიღვიძებ პირველი ეს ჭიქა დავინახო. ამ დროს სხვა გზა არ გაქვს, უნდა აიღო ჭიქა და დაცალო ბოლომდე - პირველი ნაბიჯი გადალახულია, დღე დავიწყეთ წყლით!

  • წყლით სავსე ჭიქა სამუშაო მაგიდაზე

ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ საშუალებას არ მოგცემთ თავი აარიდოთ წყალს. რამდენჯერაც გახედავთ, იმდენჯერ დალიეთ. მთავარია ცარიელი ჭიქა არასდროს გედოთ კომპიუტერის გვერდით, არ დაიზაროთ და ყოველთვის აავსეთ. ვერც კი გაიგებთ, ისე გამოცლით საღამოს 6 საათამდე 7-8 ჭიქას.

  • მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების გარდა, ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. გთავაზობთ საქართველოში გავრცელებული სახეობების ჩამონათვალს, სადაც მითითებულია წყლის პროცენტულობა.

მარწყვი - 92%

საზამთრო - 92%

ნესვი - 90%

ატამი - 88%

ფორთოხალი - 87%

ჟოლო - 87%

გარგარი - 86%

მოცვი - 85%

ვაშლი - 84%

მსხალი - 84%

ყურძენი - 81%


კიტრი - 96%

სალათის ფოთოლი - 96%

ბოლოკი - 95%

პომიდორი - 94%

კომბოსტო - 93%

ყვავილოვანი კომბოსტო - 92%

ბულგარული წიწაკა - 92%

ბადრიჯანი - 92%

სტაფილო - 87%

კარტოფილი - 79%


და ბოლოს, თუ გინდათ უფრო სახალისო (და სასარგებლოც) გახადოთ წყლის რაციონი, დაამატეთ ლიმნონი ან კიტრი ან რეჰანი - საინტერესო არომატს შესძენთ და თქვენი სასმელი უფრო გემრიელი იქნება.

ასე რომ, შეეცადეთ დალიოთ დღეში მინიმუმ 8-9 ჭიქა წყალი. ეს არ არის ძნელი.