დღეს სამუშაო მაგიდის დალაგების დროს ჩემმა ქმარმა გამადიდებელი შუშა იპოვა და ბედნიერი სახით გამომიტანა: ნუცა, აბა რა გაგიხარდება ყველაზე მეტად?! მე არც დავფიქრდი და ვუპასუხე შვებულება , არა აი ეს...და საზეიმოდ გადმომცა გამადიდებელი შუშა! არ შევიმჩნიე, მაგრამ მართლა გამიხარდა. ახლა მოგიყვებით რატომ ?! არ გეგონოთ რომ შორსმხედველი ვარ.

თუ საკვები პროდუქტების ეტიკეტს ხშირად კითხულობთ დარწმუნებული ვარ თქვენც ხშირად გინატრიათ გამადიდებელი შუშა, ამ დროს ტოჩინოშინის ჰატატიკომის ილეთი უფრო დაძლევადი ხდება ჩემთვის ვიდრე მიკროსკოპული ასოების გარჩევა. უფრო მიკროა ყველა წარწერა ვიდრე ბლოგის დასაწყისში ჩემი შრიფტი, უბრალოდ დაგინდეთ.  უპირველესად ალბათ კითხიულობთ ვარგისიანობის ვადას, თან ეს შედარებით დიდად აწერია და ჩანს, შემდეგ კი იწყება ნამდვილი თავსატეხი, ანუ შემადგენლობა. თუ ზუსტად იცით რა არ გინდათ რომ იყოს პროდუქტის შემადგენლობაში ან პირიქით - ხომ კარგი, ისე კი ალბათ ქიმიის ყველა სახელმძღვანელო დაგვჭირდება, რომ შემადგენელი ნივთირებების შესახებ ვიცოდეთ. მე პირადად ბოლო ერთი წელია ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კალათში ვერ მოხვდება ვერცერთი პროდუქტი პალმის ზეთით! ეს მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ჩემთვის ძალიან სანდო და პროფესიონალმა ადამიანმა (კვების მრეწველობის აკადემიკოსმა) სანაგვეში მოისროლა ჩემი შვილისთვის შეძენილი ორცხობილა. შემდეგ დამსვა და ამიხსნა რა არის პალმის ზეთი?!

არის კარცინოგენური (სიმსივნის გამომწვევი), აქვს მაღალი ლღობის ტემპერატურა, რითაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. გაცხელებისას წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამიტომ მისი გამოყენმება პურსა და საკონდიტრო ნაწარმში დაუშვებელია.  

ამის შემდეგ დაიწყო ეტიკეტების თავსატეხი და ჩემი ამოჩემება. ვდგავარ და ვკითხულობ ყველაფრის ეტიკეტს, ერთხელ მაღაზიაში შესული ხელცარიელიც კი გამოვბრუნდი. რაიმე სასუსნავი მინდოდა მეყიდა და პალმის ზეთის გარეშე ვერაფერი ვნახე. ძალიან გავბრაზდი, იმაზეც გავბრაზდი, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ალბათ არ იცის კიდევ ბევრი მსგავსი მავნე ინგრედიენტის შესახებ, ხოლო ამაზე მიმთითებელი ორგანო ჯერ არ ჩანს. კიდევ კარგი, რომ ბაზარზე არსებობს არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე გადის. რამდენიმე ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და სხვებსაც ვურჩევ ხოლმე დააკვირდნენ. ანუ დააკვირდით რაიმე პროდუქის ფასს რომელშიც პალმის ზეთია და მსგავსი პროდუქტის ფასს, რომელიც სხვა ზეთს შეიცავს ( მზესუმზირის, სიმინდის ან სხვა) მენდეთ ფასში განსხვავება საკმაოდ დიდია. პალმის ზეთი ბევრად იაფია. და ეჭვი მაქვს არჩევანიც უფრო ხშირად მის სასარგებლოდ კეთდება. ხო, კიდევ ნურც იმით დაიმშვიდებთ თავს თუ ეტიკეტს მხოლოდ მცენარეული ზეთი აწერია, ასეთ დროს ყოველთვის ვთხოვდი კონსულტანტს იქნებ დაეზუსტებინა რომელი მცენარე იგულისხმებოდა. ხშირ შემთხვევაში კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა და პროდუქტსაც ისევ თაროზე ვაბრუნდებდი. თუმცა ამას წარსულ დროში იმიტომ ვწერ, რომ ეს საკითხი მეტნაკლებად დარეგულირდა. ახლა უმეტეს შემთხვევაში ეტიკეტზე დაკონკრეტებულია რომელი ზეთი იგულისხმება. შესაბამისად ჩემთვის პალმის ზეთის ამოცნობა უფრო მარტივი გახდა. ისევე როგორც მარტივი გახდა ჩემი შვილისთვის ორცხობილების სახლში მომზადება. ამ დროს ეტიკეტი ჩემი რეცეპტია. ზუსტად ვიცი რას ჭამს ბავშვი. მენდეთ ერთ-ორ ცდაში მიხვდებით რომ ასე უკეთესია.


პ.ს სხვათაშორის ევროპის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით პროდუქტს, რომელსაც დიდი ასოებით აწერია „პალმის ზეთის გარეშე“ და ეს წარწერა კიდევ ერთი მიზეზის გამო არის უფრო მიმზიდველი. იმის გამო რომ პალმის ზეთზე მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება, პალმის ხეები ანაცვლებს უნიკალურ ტროპუკულ ტყეებს აფრიკაში, ამას პალმის ზეთის კრიზისიც კი უწოდეს.