ჩემს სამზარეულოში მაგიდაზე მუდამ მხოლოდ ორი რამ დევს: დიდი თეფში ხილისთვის და თაფლის ქილა. თითქმის არ მახსენდება დღე, რომ რაიმე ფორმით თაფლი არ მივიღო. თაფლი მიყვარს ჩაიში, ყავაში, გოგრაზე, მუსლიში, ხაჭოსა და არაჟანში, ნებისმიერ ფენქეიქზე, ან ისე უბრალოდ  - ერთი კოვზი თაფლი. ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს მისი მიღების აუცილებლობა. ამიტომ ღრმად მჯეროდა, რომ თუ მთელი ორსულობის განმავლობაში ყოველ დილით ერთ კოვზ თაფლსა და ახლად გატეხილი კაკლის ლებანს შევჭამდი ჩემს შვილს ყველაზე ძლიერ საკვებს მივაწვდიდი. მართლაც ასე გავიდა თითქმის 40 კვირა თაფლისა და კაკლის თანხლებით. ჩემი ექიმიც არ იყო წინააღმდეგი ამ „ახირების“. თუმცა რაც არ უნდა იყოს, თქვენ არ იცით როგორი ამაყი ვარ როცა ჩემი შვილი კოვზს მოიმარჯვებს, სკამზე აცოცდება და ვინი პუჰივით ქილიდან თაფლის ჭამას შეუდგება.  

 

მოკლედ თაფლი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მას ფუტკარი ამზადებს და არა ქიმიური მრეწველობა. მე გამიმართლა, ჩემს ოჯახში პირდაპირ ლეჩხუმიდან ჩამოდის თაფლი, ზუსტად ვიცი რომელი სკიდან არის,  ვინ ამოიღო და როგორ. თუმცა თუ თქვენ თაფლს ყიდულობთ გირჩევთ დარწმუნდეთ , რომ ის მართლაც ნატურალურია. ამისთვის რამდენიმე ხრიკიც არსებობს და ვეცდები შემდეგ გამოცდილ მეფუტკრეს ვესტუმრო და ვიდეოს დახმარებით გიჩვენოთ.  


მანამდე კი უბრალოდ გირჩევთ ჩაანაცვლეთ შაქარი თაფლით და ეცადეთ ეს თქვენი ბავშვის ყველაზე ტკბილ მეგობრად აქციოთ.  ასევე გირჩევთ თაფლი ძალიან ცხელ ჩაიში ან ყავაში არ გამოიყენოთ, რადგან ის დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.


პ.ს არ დაგავიწყდეთ  თაფლმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, ამიტომ ჯერ დარწმუნდით რომ თქვენი ბავშვის ორგანიზმს მისი მიღება შეუძლია.