ამ ჯადოსნურ სასმელზე ბლოგს წესით ზამთრის პირველ დღეს უნდა გიზიარებდეთ, მაგრამ ვინაიდან food4.ge-ზე ბლოგის დღე კვირაა, ვფიქრობ ამით არაფერი დაშავდება. პირიქით, შეგიქმნით განწყობას და შეგამზადებთ ზამთრისთვის, რომელიც არ იქნება მარტივი. არა! მე ახლა პანდემიაზე და შეზღუდვებზე ლაპარაკს ნამდვილად არ დავიწყებ, ეს არც მინდა და არც ჩვენს ფორმატში ზის. მე მინდა დავუბრუნდე იმ საოცარ სასმელს, რომელზეც დავიწყე საუბარი - ცხელ შოკოლადზე.
რასთან ან ვისთან ასოცირდება თქვენთვის ცხელი შოკოლადი?
მე ამ ბლანტი, არომატული სითხის გაგონებაზე პარალელს პირდაპირ შოკოლადის ფაბრიკანტის მაცდუნებელ რეცეპტთან ვავლებ. ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლის" საიდუმლო და მთავარი ლაიტმოტივი სწორედ ცხელ შოკოლადია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები პერსონაჟების აუტანელი, მძიმე რეალობიდან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა. ის ჯერ სურნელით ატყვევებს, შემდეგ კი ყველას აიძულებს ხარბად შეიგრძნონ ცხელი შოკოლადის თავბრუდამხვევი გემო და ცოტა ხნით უკეთეს სამყაროში გადაინაცვლონ. იმდენად მაცდუნებელია შოკოლადის ფაბრიკატის რეცეპტი, რომ შეუძლებელია ამ არომატმა მკითხველამდე არ მიაღწიოს. ამიტომაცაა ალბათ, რომ მეც ამ რომანის ერთ-ერთი ,,მსხვერპლი" ვარ და ჩემს ქვეცნობიერში სამუდამოდ რჩება ამ საოცარი ოჯახის საუკუნივანი ისტორია თავისი ცხელი შოკოლადით.
რეალურ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, ბედისწერის შემცვლელი არა, მაგრამ განწყობის ასამაღლებელი ნამდვილად არის შოკოლადი, განსაკუთებით ცხელი, და განსაკუთრებით ზამთარში. ტყუილად ხომ არ ეძახიან ღმერთების სასმელს?! რთულია გაუძლო შოკოლადის ცდუნებას და იმ წამებისგან მიღებულ სიამოვნებას, როდესაც ის მთლიანად ეპატრონება ადამიანის სხეულს და გონებას. მოკლედ რომ ვთქვათ, შოკოლადი აბედნიერებს და ვფიქრობ ახლა, ისე როგორც არასდროს გვჭირდება ეს არომატებით სავსე სითხე მოწყენილი ზამთრის გადასაგორებლად. და რაც მთავარია, თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ,,მერვე სიცოცხლე", სწორედ ახლა არის ამის დრო. მოამზადეთ ცხელი შოკოლადი და გემრიელად ჩაუსხედით სტასიას, ქრისტინეს, კიტის, ელენეს, დარიას, ნიცას და ბრილკას ისტორიებს...ნეტა მეც თქვენს რიგებში ვიყო.
ახლა კი რაც შეეხება ცხელ შოკოლადს, რომელიც მართალია საგვარეულო რეცეპტის მიხედვით არაა, მაგრამ ვფიქრობ არანაკლებ გემრიელია.
. 1 1/2 ჭიქა რძე
. 1/2 ჭიქა ნაღები
. 2 ჩ/კ შაქრის ,,პუდრა"
. 1/2 ჩ/კ ხსნადი ყავა
. 200 გრ შავი, ან ნახევრადტკბილი შოკოლადი (რაც უფრო მაღალი ხარისხის იქნება, უფრო გემრიელი გამოვა)
. ათქვეფილი ნაღები
მომზადების წესი ასეთია: პატარა ქვაბში მოათავსეთ რძე, ნაღები, შაქარი, ყავა და საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, ვიდრე არ გამოჩნდება პატარა ბუშტები (არ აადუღოთ!!!). ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ჩაყარეთ შოკოლადი და გაადნეთ. ჩაასხით ცხელი შოკოლადი ჭიქებში და ათქვეფილი ნაღების კრემი დაასკუპეთ ზემოდან.
გემრიელად გაატარეთ ზამთარი food4.ge-სთან ერთად!