მადრიდში ვარ. სოლზე მეტროდან ამოვედი და ვიცი რომ აქ სადღაც ახლოს ესპანეთის ყველაზე ძველი შოკოლატერია, სან ხინესი უნდა იყოს. ვფიქრობ: ვის ვკითხო ამ ხალხით სავსე სოლზე ზუსტი მისამართი. ვხედავ, 2 უსაყვარლესი ბებო მოდის. ყველაზე სასაცილო ისაა რომ ინგლისურის აზრზე არ არიან . აქ, საერთოდ, უფროსმა თაობამ არ იცის ინგლისური. მაგრამ ამ ბებოებმა, ისე საყვარლად და გულით ამიხსნეს ესპანურად, რომ მე ყველაფერი გავიგე 

„რექტო, რექტო, რექტო“ (წინ,წინ,წინ) - მანიშნებს ხელით ერთი. 

—„ი დერეჩა“ (და მარჯვნივ) - მეუბნება მეორე.

მოკლედ, გავიგე.

ჩავუხვიე მითითებულ ადგილას და ფაქტობრივად გასული საუკუნის ესპანეთში აღმოვჩნდი.



უამრავი სარკე, მწვანე სკამები და მწვანე კედლები, ვინტაჟური მაგიდები. აქ მე-19 საუკუნის მადრიდის სული ტრიალებს. ესპანეთის უძველესი შოკოლატერია სან-ხინესი 1894 წლიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ დროიდან იწყება აქ ცნობილი შოკოლადის და „ ჩუროების“ წარმოება და გაყიდვა. 

Churros - ჩუროს (ან ჩურო) გრძელი გამომცხვარი ჯოხებია, რომლებსაც წყლის, მარილისა და ფქვილისგან ამზადებენ. როგორც წესი, ამ ცომს მოგრძო ფორმას აძლევენ, ადუღებულ ცხიმიან ჭურჭელში ასხამენ და ამ ცხიმში წვავენ. 



-„ჩუროს მომზადებისას ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ზეთი საკმარისად ცხელი იყოს. თუ გვინდა ჩუროს ხრაშუნა გარსი და რბილი შუაგული ჰქონდეს, მდუღარე ზეთში შეწვის შემდეგ ის ცხიმისგან უნდა დაიწრიტოს. უკვე გამზადებულ ჩუროებს კი შეგიძლიათ ზემოდან შაქარიც მოაყაროთ“ - მეუბნება აქაური ბარმენი, ხოსე მარია. ამაყობს რომ სულ რაღაც 24 წლისაა და ესპანეთის უძველეს შოკოლადის კაფეში მუშაობს. 

„მოგეხსენებათ, რომ ეს ქარხანა არ არის. ეს ცოცხალი კაფეა და ამიტომ მთელი დღის განვლობაში უამრავ ადამიანს ვემსახურებით. ხედავთ, ახლაც რამდენი ადამიანი სტუმრობს ჩვენს კაფეს?“ 

რაც შეეხება ცხელ შოკოლადს, მას სან ხიროში საუკეთესო ესპანური ტრადიციების მიხედვით მოგართმევენ. სქელი, ცხელი შოკოლადი, რომელსაც ოხშივარი ასდის და რომელიც მზადაა ჩუროს ჩასაწობად. რამდენიმე კაი „მსუქანი“ ჩურო, რომელსაც შოკოლადის ამ სქელ სოუსში ჩააწობთ და მიირთმევთ, ისე შეიძლება შემოგეჭამოთ, რომ ვერც გაიგოთ. 

კაფეში, რა თქმა უნდა, ყავის და ჩაის მირთმევაც შეგიძლიათ, მაგრამ აქაურობამ სახელი სწორედ ამ შოკოლადის და ჩუროების გამო გაითქვა. მათი დაგემოვნება 24 საათის განვლობაში შეგიძლიათ. აქ ნახავთ როგორც უამრავ ტურისტს, ასევე ადგილობრივსაც.




შოკოლადი ხომ უნივერსალურია - ყველას ერთნაირად გვიყვარს. ამ ფაქტს ერთი დეტალიც ადასტურებს, რომელიც თვალში აუცილებლად მოგხვდებათ. აბა, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ნაომი კემპბელს, პედრო ალმოდოვარს, ორნელა მუტის, მაიკლ დუგლასს. დიახ, რა თქმა უნდა - შოკოლადის და ჩუროების სიყვარული. მათი ფოტოები, სან ხინესის მწვანე კედლებთან და სარკეებთან ერთად თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ, თავად გემოზე და შოკოლადის სურნელზე რომელიც აქედან დიდხანს, კიდევ ძალიან დიდხანს გაგყვებათ. 


ჩურო: 

• 3 სუფრის კოვზი შაქარი

• 500 მლ წყალი

• 3 სუფრის კოვზი კარაქი

• 375 გ ფქვილი

• ცოტა მარილი

• 2 დიდი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი

• 1,5 ლ მცენარეული ზეთი