მარის ვალენტინობა

ყოველი წლის ვალენტინობას ამერიკა საშუალოდ 250 მილიონი ვარდით ხვდება. წარმოიდგინეთ, 250 მილიონი ვარდი მილიონობით ადამიანისთვის. როგორც წესი, მზადება ამ დღესასწაულისთვის ერთი თვით ადრე იწყება. ხანდახან ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ გულის ფორმა მივიღე; მაღაზიის ვიტრინები და სუპერმარკეტები რომანტიკული დეკორაციებით გვამცნობენ ამ დღის მოახლოებას. ყველაფერში გულია გამოსახული - ჭურჭელი, ტახტის ბალიშები, გადასაფარებლები, ბუშტები, სათამაშოები, ტკბილეულზე და სამკაულზე უკვე აღარაფერს ვლაპარაკობ. ხოდა დავდივარ ხოლმე გაღიმებული და მხოლოდ ერთ რამეზე მეფიქრება - რატომ სძულთ ადამიანებს (განსაკუთებით ქალებს) ვალენტინობა?


მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ამ დღესასწაულთან მიმართებაში ადამიანების კატეგორია ორ ნაწილად იყოფა - ან უყვართ, ან სძულთ. ლოგიკურად რომ მიუდგე, სკეპტიკურად და ზიზღით 14 თებერვალს უყურებენ ქალბატონები, რომლებიც მარტოსულები ან გულგატეხილები არიან. უყვართ, რადგან იციან, რომ საყვარელი ადამიანი ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზით გაახარებს და ეს დღე კიდევ ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩება. ასე არიან ზოგადად ქალბატონები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ქალები და მამაკაცები კიდევ სხვა განშტოებაა, ვალენტინობაზე ჩვენ ჩვენებური თეორიები გაგვაჩნია, როგორც, ალბათ, სხვა ნებისმიერ საკითხში. ნელნელა მივყვეთ ყველაფერს.


ამ დღესასწაულზე პირველ რიგში საკუთარი თავი მახსენდება თინეიჯერობის პერიოდში. მე და ჩემი უახლოესი მეგობრები 14 თებერვალს ტრადიციულად ვიკრიბებოდით ხოლმე ერთ-ერთის სახლში, ფარდებით კარგად ვაბნელებდით ოთახს, ვუყურებდით საყვარელ ფილმს და ამით ვაპროტესტებდით ვალენტინობას. აი ასე, კატეგორიულად გვძულდა ეს დღე, ოღონდ რატომ არავინ იცის. არც შეყვარებულები გვყავდა და არც არავინ იკლავდა თავს საჩუქრების გამოგზავნით. ახლა მეცინება და ვფიქრობ, ნეტა იგივე განწყობა მექნებოდა თუ არა, ვინმეს ყვავილები მაინც რომ გამოეგზავნა. და აი ისიც:


მიზეზი პირველი: მამაკაცების უყურადღებობა. რატომღაც რომანტიკული ვახშამი და ყვავილები სასაცილოდაც არ ყოფნით, სამაგიეროდ ყოველ შაბათს ძმაკაცებთან ერთად დათქმულ ადგილას დროის გატარება რა პრობლემაა? არადა წარმოიდგინეთ, წელიწადში ერთხელ საყვარელი ადამიანისთვის თუნდაც ლამაზი თაიგულის მირთმევის ტრადიცია (სადმე გასვლა თუ არა) როგორ გააფერადებდა ურთიერთობას. დამიჯერეთ, ქალების ბედნიერებისთვის პატარა ყურადღებაც საკმარისია.


ამის შემდეგ ვუღრმავდები თემას და მეორე პრობლემას ვაწყდები - კი ვაბრალებთ ყველაფერს მამაკაცებს, მაგრამ იქნებ ეს ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაა?


მიზეზი მეორე: თავად ქალბატონების დამოკიდებულება. ქალები (ქართველი ქალები) იმდენად აგდებულად უყურებენ ვალენტინობას, შთაბეჭდილება მექმნება, რომ კაცებს ხელოვნურად აქვთ ინტერესი დაკარგული ამ დღის მიმართ. ვინ იცის, იქნებ როგორ გაურბიან ყვავილების თავზე გადატეხვის მომენტს?! ისე ხშირად ვიმეორებთ, როგორ არ ,,გვესვეცკება" ვალენტინობა, რომ ჩვენი მეორე ნახევრები ფიქრობენ, რომ ამ საკითხს სამუდამოდ აქვს დასმული წერტილი.


და მიზეზი მესამე: საერთოდ, ვინ გადაწყვიტა ამ საქართველოში რომ ვალენტინობა გოიმობაა? მაშინ რატომ არის მთელ მსოფლიოში 14 თებერვლის ისტერია? (კარგი გაგებით). თუ ,,იქ" ვალენტინობა სხვანაირად თენდება? მგონი, დროა ამოიგდოთ ეს უაზრო კოდი და ცოტა მსუბუქად მიუდექით ამ საკითხს. როგორც დაბადების დღე გსურთ ხოლმე სასიამოვნო მოგონებად გადააქციოთ, იგივენაირად შეხედეთ 14 თებერვალს. რაც უფრო მეტი დასამახსოვრებელი დღე იქნება წელიწადში, ცხოვრება უფრო საინტერესოდ არ წავა? ასე რომ, CALM DOWN!

სალომეს ვალენტინობა

ორი რამ მეზიზღებოდა 25 წლამდე: პეპლები და ვალენტინობა.

პეპლებზე ბევრს არ მოვყვები, რაღაც გადამდები სენი იყო. მეც, ჩემს დას და ჩემს მამიდაშვილსაც გვეშინოდა პეპლების. კი, ყველაფრის ფობია არსებობს, მაგრამ მე მაინც ბავშვურ კაპრიზებს ვაბრალებ, მივაგენით რაღაცას, რაც გამოგვარჩევდა სხვებისგან. სრული იდიოტიზმი, ნუ...

აი ვალენტინობის ზიზღი ცალკე მოვლენაა, რომელიც ესე განცალკევებულად არ ჩამოყალიბებულა ჩემს ცნობიერებაში. ამ ყველაფრის შესავალი ყვავილების ზიზღი იყო. ესეც იდიოტიზმი #2... აი ასე, მოურიდებლად და დემონსტრაციულად ყველგან ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, თუ როგორ ვერ ვიტანდი ყვავილებს რომ მჩუქნიდნენ. ესეც პოზა იყო ხალხნო. ვითომ მაგარი ტიპი ვიყავი. აი ვინმეს რომ დავესვი და სერიოზულად გამოვეკითხე, რატომ ვერ ვიტანდი ყვავილებს, კი ვერ გავცემდი სრულფასოვან პასუხს. იმიტომ რომ პასუხი არ მქონდა, უბრალოდ, მომწონდა ამ პოზაში ყოფნა.

რომელიმე თაყვანისმცემელი (ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ამ ქეისს უხდება) ყვავილებს რომ გამომიგზავნიდა, ირონიულად ჩავიღიმებდი და თავს გავაქნევდი ხოლმე. ამ დროს ვფიქრობდი: ,,რა უიღბლოა ეს საცოდავი, რა იცის, რომ ვერ ვიტან ყვავილებს''. არადა, თქვენ გგონიათ, გულის სიღრმეში არ მომწონდა?! ძალიან, ძალიან მომწონდა, მით უმეტეს თუ თაიგული სადა და ლამაზი იყო. რაღაც ინიციალებიანი უბედურებები მართლა გულს მიწვრილებდა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყვავილების ბედი გაიზიარა ვალენტინობამაც. როცა ამ დღესასწაულის შესახებ პირველად გავიგე, იმ დღესვე შემზიზღდა. სადღაც 18-19 წლის ვიქნებოდი. მაშინ ჩემს მეგობრებშიც ეს განწყობა იყო. ფუუუ, გოიმობა!.. :)) რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რა სასტიკად ვექცევით ამ თარიღს ქართველები. მე და მარიმ დავასკვენით, რომ ეს არის ვერა-ვაკე გოგოების შემოღებული მოდა, რომლებსაც ეგოიმებათ ყოველ 14 თებერვალს ერთი ვარდით ხელში შეყვარებული ბიჭები, რომლებიც ახმეტელის მეტროსთან ელოდებიან თავის სიყვარულს. აი, რას ერჩით, რა დაგიშავათ, ვარდს ჩუქნიან, ხომ არ სცემენ. რატომ არის ეს გოიმობა? 13-ში რომ აჩუქონ ვარდები, ხომ არ გეგოიმებათ? რა დაგიშავათ 14-მა?! და არ მინდა ეს გაცვეთილი ,,ყველა დღე სიყვარულის უნდა იყოს'' მორალი, სად არის აბა? ყოველ დღე გჩუქნიან ვარდებს და მხოლოდ 14-ში უკრძალავთ? კარგით რა, საქმე წმ. ვალენტინში არ არის, ნუ უბიძგებთ კაცებს გულგრილობისკენ და სიზარმაცისკენ, მიეცით საშუალება გასიამოვნონ. თქვენც დაახვედრეთ სახლში რომანტიული ვახშამი. მენიუს მალე შემოგთავაზებთ food4.ge ზე ;)


ნუცას ვალენტინობა

აქ უნდა ყოფილიყო ნუცას ბლოგი ვალენტინობაზე, მაგრამ კატეგორიული უარი გვტკიცა. მაგრად არ მაინტერესებს, არაფერს ვფიქრობ ამ დღეზე, თავი დამანებეთო :)) ჩვენი მეგობრობის 10 წლის თავზე პირველად ვიკამათეთ. ამ შემთხვევაში მარი და საკო უმრავლესობაში ვიყავით და ნუცას ვარწმუნებდით, რომ ნუ იქნებოდა ასეთი სკეპტიკური.

ნუცა, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, იმედია, ოდნავ მაინც შეგაცვლევინებთ აზრს 14 თებერვლამდე. ნუ კაი, მომავალი წლის 14 თებერვლამდე მაინც :)


პ.ს გეგა! მარი და სალომე გთხოვთ, წელს დაგვეხმარე ექსპერიმენტში - აჩუქე ნუცას ყვავილების თაიგული. გვაინტერესებს გადაგატეხავს თუ არა თავზე :) ოღონდ არ შეცდე, შეიძლება გადაგატეხოს, მაგრამ მთავარია ამოიცნო გულის სიღრმეში მოეწონა თუ არა შენი საქციელი ;)