არა, ჩემო ძვირფასებო, ამ სათაურით უბრალოდ შემოგიტყუეთ, თორემ ჩემი და დიეტების ურთიერთობაზე სულაც არ უნდა მოგიყვეთ. პირიქით, მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ არ ვყოფილვარ დიეტაზე. არასდროს. ერთხელაც კი. 

ზოგიერთი იტყვით, შენ რა გენაღვლება, ალბათ გენები გიწყობს ხელს, ჩემზე ერთი ლუკმა ხაჭაპურიც კი მოქმედებს და ა.შ.

დიახ, ვერაფერს გეტყვით საწინააღმდეგოს. ალბათ, გენებიც მიწყობს ხელს და ხაჭაპურსაც აუღელვებლად მივირთმევ.

მაგრამ, გააჩნია რომელ საათზე! ღამის 11-ზე ახლად შემთბარი, ყველის და კვერცხის სოუსში აპრიალებული მეგრული ხაჭაპური რომ ვჭამო, ალბათ, არც გენები მიშველის და არც მამა ღმერთი. 


მოკლედ, ახლა მინდა გაგიმხილოთ თუ რა მიცვლის დიეტებს, რა არის ის ჯადოსნური წამალი, რაც აი ასე, სტრესის და ნერვიულობის, კალორიების თვლის და გრამების აწონვის გარეშე მინარჩუნებს ფიგურას.

ეს არის, ერთადერთი და განუმეორებელი - ჩემი ცხოვრების სტილი.

დიახ, აი ასე მოკლედ. არა, არა, მთლად ასე მოკლედ არ გეტყვით.


ამ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ ჩემი 5 წესი რომელსაც არასდროს ვღალატობ.

ნუუუ, თითქმის არასდროს, და იმასაც გეტყვით, რატომ თითქმის. 


1. არავითარი ჭამა-კვება საღამოს 8 საათის შემდეგ!

ვიცი, ვიცი, ახლა ალბათ ოფისის მაგიდასთან სხედხართ, ელოდებით როდის გახდება 6 საათი, რომ სახლში მიხვიდეთ და გემრიელად მიირთვათ, რადგან სამსახურში ისეთ გადარბენებზე იყავით, ჭამა უბრალოდ ვერ მოასწარით.

ან მთელი დღე გაატარეთ ლექციებზე და როდის უნდა გეჭამათ თუ არა საღამოს?! 

ვიცი! იშვიათად, მაგრამ, მეც ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში და რამდენჯერაც ვყოფილვარ, იმდენჯერ მინანია.

იშვიათად იმიტომ, რომ ჩვენს ოჯახში მთელი ბავშვობა საღამოს 7 საათზე რიტუალურად ვსვამდით ჩაის კარაქიან პურთან და ყველთან ერთად. დღესაც ასეა, მაქსიმუმ 8 საათზე ჩაის რიტუალი მაქვს, ოღონდ პურის გარეშე. უბრალოდ ჩაი. უშაქრო. ხანდახან 3 დღის დაძველებულ პურს ვაყოლებ ხაჭოსთან ერთად. ბოლო-ბოლო 31 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი კარაქიანი პურია?

ანუ, საღამოს. თორემ დილით სიამოვნებით გეახლებით :) 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი არის შეჩვევა. რასაც შეეჩვევით იმას მოგთხოვთ ორგანიზმი. ამიტომ 3-4 კვირა თავს ძალა დაატანეთ, მოითმინეთ 8 საათის მერე და ბოლოს უბრალოდ აღარ მოგშივდებათ. საღამოს, სიმსუბუქეს შეჩვეული თქვენი ორგანიზმი, ვერ აიტანს ზედმეტ სიმძიმეს. 


2. არავითარი სწრაფი კვების ობიექტები!

მაკდონალდში არ მიჭამია ბოლო 7 წელია. თუ იქ თვალს მომკრავთ, ალბათ ვინმეს გავყევი. ასეთი სწრაფი კვების ობიექტები არამხოლოდ გაგასუქებთ, სახის კანს გაგიფუჭებთ და უბრალოდ თქვენს ორგანიზმს ავნებს. ხშირად მწერენ თინეიჯერები - რითი ვუშველო აკნეს, თმის გაყოფილ ბოლოებს, დამტყდარ ფრჩხილებს… კვებით! პირველ რიგში სწორი კვებით და ეს კვება არის - უარი ჯანქ ფუდს!


3. წყალი, წყალი და წყალი!

დღეში მინიმუმ 2 ლიტრ წყალს ვსვამ. ეს უკვე ჩვევაც აღარ არის, ეს სუნთქვასავითაა.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, წყალთან ერთად ყველაფერი უკეთესია. 


4. ხილი და ბოსტნეული.

იშვიათად მახსენდება ჩემი დღე ბოსტნეულის ან ხილის გარეშე. ზაფხულში გამორიცხულია ვისადილო კიტრის და პომიდვრის სალათის გარეშე. თან მე ისეთ სალათს ვაკეთეეეებ. თითქმის ყველანაირი მწვანილით, ძმრით, უმარილოდ! რა ჯობია?!

ერთი სიტყვით, რაც სეზონურია, ყველაფერს მივირთმევ, იმის მიხედვით როგორ ხასიათზე ვარ.

ჰო მართლა, ახლა უნაბის სეზონია და ჩემს სასადილო მაგიდაზე ყოველ დღე გვაქვს ეს ხილი. ისე, ხილია უნაბი? არ ვარ დარწმუნებული… სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, რომ ძაააალიან სასარგებლოა. სავსეა ვიტამინებით და მინერალებით.  


5. ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია წონაში დაკლება.

რაც არ უნდა მკვლელ დიეტაზე იყოთ, ვარჯიშის გარეშე გაგიძნელდებათ დაკლება. და პირიქით, რაც არ უნდა მკვლელ ვარჯიშებს აკეთებდეთ, სწორი კვების გარეშე ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ სატრენაჟორო დარბაზებში სიარული. უბრალოდ საღამოს გაისეირნეთ, ირბინეთ პარკში ან იყიდეთ იაფი პარალონი, გააფინეთ სახლში და საღამოს, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე გააკეთეთ 30 წუთიანი ვარჯიშები. YouTube-ზე ნახეთ, უამრავ ვიდეოს შეხვდებით. 


და ბოლოს, ზემოთ ნახსენები თითქმის…

მე მაქვს დღეები, როცა ზემოთ ნახსენებ ოთხ პუნქტს ვარღვევ (მეორეს არასდროს) თუმცა, თქვენ თუ ძალიან გიყვართ მაკდონალდსი, თვეში ერთი ჩიზბურგერი არ მოგკლავთ. ყველაფერს უხდება გამონაკლისი. პირველ რიგში, ვფიქრობ, ნერვულ სისტემას. ჯობია თვეში ერთი ან ორი დღე მივირთვათ ის რაც ძალიან გვენატრება, ვიდრე ზედმეტად დავისტრესოთ იმ ერთ რამეზე ფიქრით და გულის გახეთქვამდე მონატრებით. 

ასე რომ, თუ მაინც მიგიწევთ გული დიეტებისკენ, კი ბატონო, ნება თქვენია. მე უბრალოდ გირჩევთ, რომ ზედმეტი ტანჯვა-წამების გარეშეც შეიძლება ფორმაში ყოფნა. 

თუმცა, რა ვიცი, არასდროს ვთქვათ არასდროს. თუ ოდესმე მომიწია დიეტაზე ყოფნა, იმაზეც დავწერ, გპირდებით :*