თუკი ყველა ბებია-ბაბუის საყვარელი თემა “შეყვარებულებია”, დედ-მამის - სწავლა, თანამშრომლების - ამინდი და ტაქსის მძღოლებისთვის - პოლიტიკა, ჩემი საყვარელი თემა  - საჭმელია. საჭმელი, რომელსაც ბევრი უხერხული საუბრისგანაც დავუძვრენივარ და ბევრი წარმატებული პირადი თუ პროფესიონალური ურთიერთობის საფუძველი ყოფილა. სწორედ ამიტომ, ჩემი ყველა მოგზაურობის დაგეგმა პირველ რიგში იწყება არა შოპინგით, არამედ გასტრონომიული გრაფიკით - საუზმე - აქ, ვახშამი - იქ, და რა თქმა უნდა შიგადაშიგ გაჩერებები წასახემსებლად.


ყველა ქვეყანას თავისი „ხაჭაპური“ აქვს. ნაციონალური კერძი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქებივით ბავშვებმაც იციან. ვენური შნიცელი და ავსტრია, ბურგერები და ამერიკა, იორკშირის პუდინგი და ბრიტანეთი... საბაზისო პალიტრის შემდეგ, საქმე რთულდება: ყველა ქალაქს თავისი დომინანტური კულინარიული ტრადიტია აქვს - კარაქით თუ ზეთით, ღუმელში თუ გრილზე, ბოსტნეული მოწელილი თუ ცოცხალი. დაბოლოს ახალი მიმართულებები, რომლებსაც რესტორნები და მზარეულები პოპულარიზაციას უკეთებენ  - კერძის მიქსი მაკრონუტრიენტების მიხედვით, გლუტენის თუ ცხოველური რძის გარეშე, უმი საკვების მოძრაობა... ჩემი მოგზაურობაც სწორედ აქედან იწყება - რესტორნები და კაფეები, რომლებიც ძველს, მიმდინარე და მომავალ კულინარიულ ტრადიციას ქმნიან და კერძები, რომლებიც ამ კულინარიული ხელოვნების შედეგია. 


საუზმე


1962 წლის ზაფხული ჯეკი კენედიმ შვილებთან ერთად რაველოში გაატარა. ესაა პატარა მომხიბვლელი ქალაქი იტალიის ამალფის სანაპიროზე. რაველო თავისი მეზობელი ქალაქებისგან უჩვეულო უბრალოებით გამოირჩევა - ამალფი, კაპრი, პოზიტანო - და თავისი მინიმალისტური ელეგანტურობით იპყრობდა ჯერ ჩერჩილს და ეიზენჰაუერს; დღეს კი ყველას, ვისაც ხიბლავს ხედი უკიდეგანო ჰორიზონტზე იტალიის მთებიდან. რაველოს არც ერთი სტუმარი გულგრილად ვერ ჩაუვლის სფოლიატელას -  ნიჟარის ფორმის იტალიურ საკონდიტრო ნაწარმს სხადასხვა რიკოტას შიგთავსით. სფოლიატელას პატარა, წვრილ ფოთოლს ნიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ ის რაველოში არ გამოუგონებიათ, ჩემი ვიზიტი რაველოში ტრატორია და კუმპა კოსიმოში მისი გასინჯვის გარეშე არ იქნებოდა სრულყოფილი. საუზმეზე სფოლიატელას ნაირსახეობა და ესპრესო, როგორც წესი ვახშმის შემდეგ დესერტზე უარს მათქვემინებდა ხოლმე. 


სადილი 


ბელაჯიოდან ტრემაცოში ბორანით გადავდივართ, სადაც გულტერო მარკესის ტერასა გველოდება თავისი ე.წ. გასასინჯი მენიუთი (tasting menu), რომელიც იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ყველაფრის გასინჯვა უნდა. გუალტერო მარკესს, როგორც თანამედროვე იტალიური სამზარეულოს დამაარსებელს ისე იცნობენ. ის პირველი იტალიელი მზარეული იყო სამი მიშელინის ვარსკვლავით. მენიუ სკალპებით იწყება და გვირგვინდება საფრონის რიზოტოთი ოქროს ფოთოლით, სადღაც შუაში ლობსტერი, სიბასი, ხბოს ფილე და ბოლოს - შავი შოკოლადის დესერტი. კულინარული მოგზაურობა არასრულყოფილია კომოს ტბის ხედის გარეშე, რომელიც იცვლება გარდამავალი მზის მიხედვით. გასასინჯი მენიუ ნამდვილი ზეიმია ყველა გურმანისთვის.


ვახშამი 


გშტადი შვეიცარილი სათხილამური კურორტია, ცნობილი ძველი პალასის და ახალი ალპინას სასტუმროებით. პრე-პანდემიურ სამყაროში, სეზონის ბოლო შაბათ-კვირას, სრიალის და სპა-საუნის შემდეგ, მეგუში - იაპონურ რესტორანში „სახლის ღვინოს“ მივირთმევ. ზუსტად ვერ ვხვდებოდი დეტალებზე ორიენტირება რას ნიშნავდა, სანამ აქ იშვიათი ინგრედიენტების ჰარმონია/პრეზენტაცია არ დავაგემოვნე - ხრაშუნა სატაცური, ვაგუს კარპაჩო, ქათმის ტერიაკი... არ ვიცი საიდან დავიწყო და სად დავამთავრო. ჩემი საყვარელი კერძი კრევეტების საშიმი იყო: მარტივი კონცეფცია, მაგრამ თან ძალიან რთული შესასრულებელი. აზიური სამზარეულოს ნამდვილი დამახასებელი თვისება სკალპელური სიზუსტეა და მეგუ იდეალური მაგალითია გემოთა იმ თავგადასავლის, რომელიც ამ სიზუსტის შედეგია.


მოგზაურობა ახალი გემოს ძებნაში - აწმყო


დღეს, კორონას ჟამს, მოგზაურობა ახალი გემოების ძიებაში წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ ჩემი საყვარელი რესტორნების კორონა-ადაპრირებულ ვერსიას თბილისში:

საუზმე - ,,სტამბას" ბლინები მასკარპონეს კრემით.

ლანჩი - რესტორან ,,უმამის" ედამამე და დრაგონ როლი.

ვახშამი - ,,ქეთო და კოტეს" ქართული ფხალეულის გობი და გაწეწილი ხორცი.

პოსტ-სავახშმო დრინქები ,,მონოგრაფის" ტერასაზე, მანამ სანამ ჯერ კიდევ შეიძლება გარეთ ყოფნა.