ჯერ ჭამე, მერე თუ გინდა ილოცე და თუ გინდა შეიყვარე, please try, just try - ეს ერთმა ტიპიურმა იტალიელმა  ოფიციანტმა მითხრა, როდესაც საფირმო კერძის არაამქვეყნიურობაში მარწმუნებდა. გემრიელი იყო, ცოტა მრცხვენია, მაგრამ გულის სიღრმეში დავეთანხმე - იტალიაში მთავარია ჯერ ჭამო! პასტა-პიცა რომ იციან ამაზე აღარ დაობენ და მეც სხვა, შედარებით უცხო კერძებზე მოგიყვებით. მითუმეტეს რომ ამჯერად იტალიაში მოგზაურობისას ტოსკანაში ამოვყავი თავი. ამ რეგიონის სამზარეულო კი ბევრი კერძით გამოირჩევა და განსხვავდება. მოდი დავიწყებ პურით. ტოსკანურ პურს არ აქვს მარილი. მე ნამცხვარიც კი უგემური მეჩვენება ცოტა მარილის გარეშე, თუმცა ეს პური ნამდვილად გემრიელია! ზემოდან მოყრილი ფქვილი დაბრაწულია და ხშირად ახლადგამოყვანილი ზეითუნის ზეთით არის დანამული. მოკლედ უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ პური. მარილის არ გამოყენებას კი ორი მიზეზით ხსნიან. იტალიელები ფოქრობენ, რომ მათი კერძების გამოკვეთილ გემოებს ასეთი პური უფრო მეტად უხდება. მეორე არგუმენტი კი შუა საუკუნეებიდან მოდის, ამ დროს მარილზე მაღალი გადასახადი დაწესებულა, ფლორენციელი პრინციპული ხასიათის მქონე მცხობელები კი გაბრაზებულან და საერთოდ უარი უთქვამთ მის გამოყენებაზე. ვფიქრობ პური, რომ კარგი აქვთ თავადაც იციან და ის ზეთის ხილის აპეტაიზერებთან ერთად მათ სამზარეულოში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

სწორედ გემრიელი პურის ხათრით გავსინჯე Schiacciata (სკიაჩატა) - დაახლოებით ასე ჟღერს. თუმცა გემომდე მის ჩასაკბეჩად გამზადებული ხალხის ნაკადმა გამაოცა. რიგებით ქუჩები იყო კადაკეტილი, მაშინვე 90-იანების  პურის რიგი გამახსენდა და   დაბნეულობისგან რა შევუკვეეთე დღემდე არ ვიცი.  მახსოვს რომ იტალიურად მითხრა მზარეულმა ეს ყველაზე კარგიაო. მოკლედ ჩვეულებრივი „ჯანქი ფუდი“ აღმოჩნდა, მოხარშული ღორის ხორცით, ყველით, ზეთის ხილით, ზეითუნის ზეთით, როკეტის ფურცლებით. მე მხოლოდ პური ვჭამე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსგავსი საჭმელი არ მიზიდავს. თუმცა თქვენ თუ მაინც მოისურვებთ ტურისტების ნაკადს შეუერთდეთ რიგში, ეცადეთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტებით ააწყოთ Schiacciata.


Truffle Gnocchi - აი, მის გამო რიგში ჩავდგებოდი. გამომცხვარი კარტოფილის ტრუფელები, ყველთან და სოკოს სოუსთან ერთად პირში დნება. რამდენჯერმე გავსინჯე და არცერთხელ გაუცრუებია იმედი.

შემდეგი კერძი საინტერესოდ ჟღერს Ribollita -  წარმოიდგინეთ ლობიო იტალიურად. ანუ ლობიოს მარცვლებს დამატებული პომიდორი, სტაფილო, კალე, კომბოსტო და რა თქმა უნდა წვნიანში ჩაგდებული გემრიელი პურის დიდი ნაჭრები. თუ ლობიო გიყვართ და მაკარონით გადაიტვირთეთ ეს წვნიანი კარგი გამოსავალი იქნება. თუმცა მე ისეთი დიდი მათლაფით მომიტანეს, რომ ჩემს შემდეგ შემოსულმა ქალბატონმა გადმომხედა და ნახევარი პორცია შეუკვეთა, მასე ჯობდა აშკარად.

ბევრი რომ აღარ ვწერო დესერტეზე გადავალ, თუ ტოსკანაში მოხვდებით აუცილებლად გასინჯეთ Cannoli - თუმცა ის მთელ იტალიაშიც ძალიან პოპულარულია. მენდეთ გაცილებით გემრიელია ვიდრე გამოიყურება. მე დავაგემოვნე Cannoli ფორთოხლით და ფისტათი.


ბოლოს იტალიურ ღვინოზე უნდა დამეწერა, მაგრამ მივხვდი რომ შესაბამისი ეპითეტების მოძებნა გამიჭირდებოდა. ან რა საჭიროა კარგ ღვინოზე წერა, უბრალოდ დააგემოვნეთ და ისიამოვნეთ. ამ დროს ყველაზე ხმაურიანი იტალიური ბარიც კი საოცრად ჰარმონიული გახდება. განწყობისთვის კი ამ ფოტოს გაგიზიარებთ, რატომღაც ეტიკეტი მოგვეწონა განსაკუთრებით გოგოებს, თან კარგ საღამოს მახსენებს.