როცა 90-იანებს სიყვარულით და სითბოთი ვიხსნებთ, ბევრს ჰგონია, რომ იმ დროს მივტირით.

ეს ძალიან არასწორი ფიქრებია. როგორ შეიძლება იმ დროს მივტიროდეთ, როცა სახელმწიფო იყო მოშლილი. როცა ქვეყანაში იყო სიბნელე, შიმშილი, მხედრიონელები და მათი ქუჩური/სამთავრობო გარჩევები; ნარკოტიკს, ომს და უბნების დაპირისპირებას შეწირული ახალგაზრდობა, მოკლედ, სრული განუკითხაობა. აი, ამ ყველაფერს როგორ შეიძლება მივტიროდეთ? 

მე, როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მჯერა, რომ კომუნისტებს რომ მისტირიან, რეალურად იმ დროს კი არა, ახალგაზრდობას მისტირიან. მაგრამ მოდით, ამ სიტყვას მონატრებით ჩავანაცვლებ. დიახ, ბაბუაჩემს ენატრება უდარდელის სრულიად საპირისპირო, მაგრამ მაინც ბავშვობა. ენატრება როგორ დაჯდებოდა ზამთარში ციგაზე და ჩამოსრიალდებოდა ბესიკის დაღმართზე, ისეთი სისწრაფით, რომ ლამის რუსთაველის თეატრში შეაჭრიდა (ასე ყვება ხოლმე) ენატრება საათივით აწყობილი სამუშაო გრაფიკი, დილის 6 საათზე გაღვიძება, შავი ხიზილალა, სულ სხვა შამპანური... ენატრება სტუდენტობა, როცა გოგოებს ქვედაბოლოები მხოლოდ მუხლს ქვემოთ ეცვათ და სულ იმ ისტორიას იხსენებს, როგორ უთავაზა სახეში მისმა კურსელმა, როცა ერთხელ გადაწყვიტა ხელმკლავი გაეკეთებინა და კიბეზე ჩამოსვლაში დახმარებოდა. 

როგორ შეიძლება, სახეში გალაწუნება გაგიხარდეს ადამიანს, მაგრამ ბაბუაჩემი სულ ღიმილით იხსენებს იმ ისტორიას. 

როგორ შეიძლება, შიმშილი და უშუქობა გიხაროდეს ადამიანს, მაგრამ სულ ღიმილით ვიხსენებ ჩაბნელებულ და გაყინულ სახლში როგორ ახერხებდა დედაჩემი შუს გამოცხობას. 

ნანას შუ... ეს იყო სამოთხე ჯოჯოხეთში. ისე, მართლა ჯოჯოხეთი იყო ის გაზქურა. პატარა, თეთრი, ცოტა დაჟანგული, თუნუქის ფირფიტას რომ დებდა დედაჩემი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა იმ ხმაზე. მაგრამ, ოო როგორი გემრიელი შუ ცხვებოდა იქ! დაბადების დღეები მხოლოდ იმიტომ გვიხაროდა, რომ ვიცოდით დედა შუს გააკეთებდა. მახსოვს, ერთ ასეთ დაბადების დღეზე, ჩემმა ორმა კლასელმა კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გააჩაღა, ვის შეხვდებოდა დიდ თეფშზე დარჩენილი ბოლო შუ.

რომ გავიზარდე, სად აღარ გამისინჯავს ეს 90-იანების სავიზიტო ნამცხვარი. საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუს სამშობლოში - საფრანგეთშიც კი არ ჰქონდა ისეთი გემო, როგორიც ნანას შუს. პარადოქსი ისაა, რომ დღეს თვითონ ნანას შუსაც კი აღარა აქვს ,,ნანას შუს'' გემო. თვითონაც სულ ამას ამბობს, რომ იმ მონჯღრეულ გაზქურაში უფრო გემრიელი გამოსდიოდა. ასე მგონია ამ დროს ჩვენი ZANUSSI-ს გაზქურა ძალიან დაბნეულია და გვეუბნება - რა დაგაკელით?!! არაფერი, ძვირფასო ზანუსო, შენ მაგარი ხარ, მაგრამ, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს - ,,ამ ლობიოს მკვდარი აკლიაო'', ისე აკლია ნანას შუს 90-იანები.

ის სოფლის კვერცხი და თბილისის რძის პროდუქტების ქარხანაში წარმოებული კარაქი.

მაგრამ რაც მთავარია, ის სიხარული, რაც შუს გაკეთებას ახლდა თან. 


ელი (ჩემი უმცროსი და) ჭამს ნანას შუს


















ბესიკო (ჩვენი მეგობარი) ჭამს ნანას შუს




ნანას შუ:

4 კვერცხი

100 გრ კარაქი

250 გრ ფქვილი

1 ჭიქა წყალი


წამოადუღეთ წყალი და ჩაამატეთ კარაქი. როცა გალღვება, ნელნელა დაამატეთ ფქვილი. როცა მასა შეიკვრება, გადმოდგით გაზიდან და გააციეთ. ჩაამატეთ 4 კვერცხი და მიქსერით აურიეთ. მიღებული მასა ამოიღეთ სუფრის კოვზით და დადეთ გახურებულ თუნუქის ფირფიტაზე. გამოაცხვეთ პირველი 10 წუთი 180 გრადუსზე, შემდეგ 120-ზე სანამ არ მიიღებს ზედაპირი მოოქროსფროს. 


შიგთავსი:

1/2 ლიტრი რძე

4 ს/კ ფქვილი

4 ს/კ შაქარი

ვანილი

150 გრამი კარაქი 


შაქარს და ფქვილს აურევთ ერთმანეთში და დაასხამთ ადუღებულ და გაციებულ რძეს. დადგამთ საშუალო ცეცხლზე და სულ ურევთ. ოდნავ როცა წამოდუღდება, ჩაამატებთ 1 პაკეტ ვანილს და მოურევთ. როცა კრემი გასქელდება 5 წუთი კიდევ ურიეთ და გადმოდგით და გააციეთ. ცალკე ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე გამლღვალი კარაქი და ბოლოს შეურიეთ მოხარშული კრემის მასას.

როცა შუ გამოცხვება, გაჭერით შუაზე და ჩაამატეთ კრემი. 

მიირთვით გემრიელად და მომწერეთ თუ ჰქონდა 90-იანების გემო :)