მოგზაურობის დროს წინასწარ ვიცი რომელ კვების ობიექტს უნდა ვესტუმრო, სად დავლიო გემრიელი ყავა და ვისიამოვნო გარემოთი. ახალი გემოების აღმოჩენა უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს ჩემი მთავარი პრიორიტეტია. ამჯერად ანგელოზების ქალაქში ვარ და სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გასტრონომიულ თავგადასავალს. ლოს-ანჯელესი დამეთანხმებით, რომ კვების მხრივ ძალიან მრავალფეროვანია; ამ ქალაქში შესაძლებელია ყველა გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება. არ არსებობს რამე მოგინდეთ და ვერ ნახოთ! იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ადგილებია, რომ ხანდახან იმის არჩევაც ძნელია თუ სად წახვიდე საჭმელად. გულწრფელად რომ გითხრათ, გასტროგიდის დაწერა ძალიან გამიჭირდა, რადგან რთულია რომელიმე კვების ობიექტის გამორჩევა, ამიტომ ამ ბლოგში ჩემს საყვარელ საუზმის და ლანჩის ადგილებზე მოგიყვებით, ვახშამი და სადილი შემდეგისთვის შემოვინახოთ.
ლოს-ანჯელესში ყოფნის დროს ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გათენდება, რადგან დილას აუცილებლად მჭირდება კარგი ყავა და გემრიელი საუზმე.
Urth Caffe
Urth cafe კაფეების ქსელია, რომელსაც LA-ში ბევრგან შეხვდებით, თუმცა პირადად მე Urth cafe მელროუზზე მიყვარს. კომფორტული და მიმზიდველი გარემო კიდევ უფრო კარგ განწყობაზე მაყენებს და მზად ვარ ბედნიერმა შევუკვეთო ავოკადოს ტოსტი და მაჩა ლატე! დაიმახსოვრეთ - ვუწევ დიიდ რეკომენდაციას.
SQIRL LA
ესაა საუზმის და ლანჩის კვების ობიექტი, რომელიც სილვერლეიქში მდებარეობს. იქ ჩემმა მეგობარმა წამიყვანა და იმის მერე, სულ მინდა დაბრუნება. არაჩვეულებრივი საუზმის მენიუა: ავოკადოს, ფანგული და რიკოტას ტოსტებით. ასევე გირჩევთ გასინჯოთ წიწიბურას ბლინი და მათი ცნობილი ბრინჯი. და ბოლოს გეტყვით, რომ ეს ყველაზე გემრიელი ავოკადოს ტოსტია, რაც კი ოდესმე მიჭამია.
HOTEL ROOSEVELT
თუ ვსაუბრობთ ბლინებზე, სასწაული ,,ფენქეიქებია" სასტუმრო ,,რუზველტის" საცურაო აუზის კაფეში.
MARU COFFEE
და თუკი დილას საუზმე არ გიყვართ და უბრალოდ ყავას მიირთმევთ, ისე არ წამოხვიდეთ LA-დან, რომ ყავის მოყვარულებმა MARU COFFEE-ს არ ეწვიოთ. რამდენიმე ექსკლუზიური რეცეპტი აქვთ და ჩემი გამოცდილებით, ,,cream on top" ნამდვილად გასაგიჟებელია.
ALL TIME
თუ ვერ ასწრებთ კაფეში ჭამას, მაშინ აუცილებლად თან გაიყოლეთ (take away) ALL TIME- ის გათქვეფილი კვერცხი ჩედარის ყველთან ერთად. უგემრიელესია!!!
და მოდით, დესერტებსაც შევეხოთ:
IVY
რესტორან IVY - ს ტარტ ტატანი - ცხელი და გემრიელი.
რესტორანი ,,ელ პასტაიო" მდებარეობს ბევერლი ჰილსში. ჯასტინ ბიბერის საყვარელი ადგილია და იმდენად ხშრად სტუმრობს, რომ მისი სახელობის პასტაც კი შექმნეს. ჩემთვის აქ ყველაზე საყვარელი - ჰაეროვანი პანა კოტაა, რომელსაც ,,პანა კოტას მეფედაც" მოიხსენიებენ.
ვოლფგანგ პაკის რიგით მესამე რესტორანი ახალ გახსნილ სასტუმრო PENDRY-ში იპოვით! ბოლო სართულზე მდებარე რესტორან Merois West Hollywood - სასწაული ხედები იშლება. მაგრამ ჩემთვის ხედზე უფრო მნიშვნელოვანი აქ ლიმონის დესერტია :) ე.წ ,,ხელი" - ვგიჟდები!
BBCM Cafe
თუ საინტერესო გამოცდილებას და გემრიელ ყავას ეძებთ, მაშინ BBCM Cafe-ს გირჩევთ, სადაც ასევე ძალიან გემრიელი საჭმელია და ბრანჩის დროს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
KREATION
ვინც შედარებით ჯანსაღ ალტერნატივას ეძებთ, KREATION-ის წვენების ბარს ეწვიეთ. კაფეში ბევრი გემრიელი წვენის გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა სახეობის acai ბოული და შედარებით ნაკლებ ცხიმიანი საკვები .
SPEAK CHEEZY
ოო და ბოლოს, პიცა!!! ლოს-ანჯელესში პიცის იმდენი გემრიელი ადგილია, რომ არც ვიცი რითი დავიწყო, მაგრამ speak cheezy ს პიცა ყველაზე განსაკუთრებულია. როცა ფოტოს დახედავთ მიხვდებით რას ვგულისხმობ :)
ჯერჯერობით სულ ეს არის, შემდეგ ბლოგში LA-ს რესტორნებში მეგზურობას უკვე ვახშმის დროს გაგიწევთ. იმედია ისიამოვნეთ ჩემი კულინარიული თავგადასავალით. დროებით გემშვიდობებით!