გარგრის ჩირი, ქიშმიში, ქლიავის ჩირი, ნიგოზი - ეს ყველაფერი გატარებული, ყოველ დღე და ყოველ გაზაფხულზე. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, როცა სისუსტეს ვიგრძნობდი და ჩემი მუდმივად თეთრი კანის ფერი კიდევ უფრო გაფერმკრთალდებოდა. ამას მოყვებოდა ტრადიციული ვიზიტი ექიმთან, სისიხლის ანალიზები, ჰემოგლობინის დადგენა და ჩემი ექიმის ტრადიციული, გამამხნევებელი ფარაზა, რომ ფერმკრთალი კანი არისტოკრატების ხვედრია. მერე დედა მოიმარაგებდა ჩირებს, გაატარებდა და ყოველ დღე აკონტროლებდა ვჭამდი თუ არა ჩემთვის საშინლად მსუყე "ნუგბარს". ერთხელ მახსოვს სკოლიდან მასწავლებელმა სახლში გამომიშვა. თავად გადაწყვიტა, რომ ცუდად ვიყავი, არადა ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. უბრალოდ როგორც ყოველთვის ძალიან, ძალიან თეთრი ვიყავი. ამას მუდმივად ემატებოდა კითხვები "ვაიმე, რატომ ხარ ასეთი თეთრი"?! რაც დაახლოებით ისე ჟღერს ძალიან გამხდრებს რომ ეკითხებიან ან პირიქით წონაში მომატებულებს მტკივნეულ ადგილზე რომ აჭერენ ფეხს. ჩემი თეთრი კანი ყოველ ზაფხულს ხდებოდა მზის სხივების მსხვერპლი, სამწუხაროდ ბევრჯერ დავიწვი და ბევრი ჭორფლიც მივიღე ბონუსად.

ამ ყველაფერს წარსულ დროში იმიტომ ვწერ, რომ წლებთან ერთად ვისწავლე ასეთ კანთან ერთად თანაცხოვრება:) მართალია ზღვაზე, შუა დღეს მხოლოდ მე ვტოვებდი მეგობერებს და სანაპიროს, მაგრამ საშინელ დამწვრობას მხოლოდ ასე თუ გადავურჩებოდი. ვისწავლე მაკიაჟის ისე გამოყენება, რომ სახეს უფრო ჯანმრთელი ფერი მიეღო. თან ახლა, პროფესიიდან გამომდინარეც, ხშირად მიწევს შედარებით მძიმე მაკიაჟის გაკეთება და ესეც ერთგვარი "შენიღბვაა". მხოლოდ ვიზაჟისტმა, ისიც იშვიათად, შეიძლება დაიწუწუნოს რომ ყველაზე ღია ტონალურიც კი ჩემ კანზე მუქია, მაგრამ ამაზე უკვე ვხალისობ. რაც შეეხება გაზაფხულის სისუსტეს და არც თუ ისე სახარბიელო ჰემოგლობინს, ამ შემთხვევაშიც უფრო გემრიელი გამოსავალი ვიპოვე: ენერგიის ბურთები! შემიძლია ჩემი საყვარელი და თან სასარგებლო ინგრედიენტები შევურიო და მეტი მრავალფეროვნებისთვის შევცვალო კიდეც. მაგალითად თაფლის ნაცვლად არაქისის კარაქი გამოვიყენო ან ნიგოზს ნუში დავუმატო და ა.შ. უცხოენოვან საიტებზე ბევრი რეცეპტი მოიძებნება, თუმცა Food4.ge-ს მეგობრებს ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ბოლოს სწორედ ეს მოვამზადე:

1 ჭიქა მოხალული, უხეშად დაჭრილი ნუში

1 1/2 ჭიქა შვრიის ფანტელი

1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ფინიკი

ვანილი

ზღვის მარილი

1/4 ჭიქა არაქისის კარაქი

1/4 ჭიქა თაფლი

ყველაფერი კარგად აურიეთ, გააკეთეთ ბურთები და შედეთ მაცივარში 1-2 საათის განმავლობაში. შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. მოათავსეთ კონტეინერში და გამოიზოგეთ 1 კვირის განმავლობაში. მენდეთ მას თქვენი ოჯახის წევრებიც სიამოვნებით დააგემოვნებენ. აიმაღლეთ იმუნიტეტი, გისურვებთ ჯანმრთელობას!