ვერასდროს გავიგებ რატომ არ გვაქვს მოწესრიგებული ბაზარი თბილისში. რატომ მივისწრაფით მოუვლელის, დაბინძრებულის და არეულისკენ ამ ქალაქში? კი, ცალკეული უბნების პატარა კუნჭულები მოვლილია ადგილობრივების დამსახურებით, მაგრამ მასობრივად ძალიან ცუდადაა საქმე. დილის 7 საათზე მეეზოვეები დააწკრიალებენ ეზოებს და 2 საათში, როცა ქალაქი იღვიძებს, ვიღას ახსოვს მეეზოვის შრომა და ძალისხმევა, თავდაყირა დგება ყველაფერი. ეს რა სენია, ვერ ამოვხსენი.

ბაზარიც ამის გამოხატულებაა. არადა ეს არის ადგილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის. ევროპის ქალაქებში ყველაზე პრესტიჟულ უბნებსაც კი აქვთ საკუთარი ბაზარი, სადაც ყველა ფენის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი სიამოვნებით დადის. ალბათ ინსტაგრამზე არაერთხელ შეგხვედრიათ ცნობილი ბლოგერების ლამაზი ფოტოები ევროპული Marche ან ამერიკული Farmer’s Market-ებიდან. 

ფოტოებს ნამდვილად ვერ ვიღებ, მაგრამ კვირის ბაზარი ჩემთვის რიტუალივითაა, რომელსაც ბაბუაჩემმა შემაჩვია. დღემდე უყვარს ბაზარში სიარული, წინასწარ გვირეკავს და გვაფრთხილებს რომელიმე შვილიშვილს და მივყვებით ხოლმე. ოღონდ ჩენ ბაზრის წესებს ბოლომდე ვერ ვიცავთ. დილის 6 საათზე ვერ ვიღვიძებთ. ბაბუაჩემი ასე იყო. 7-ზე უკვე ბაზრიდან ბრუნდებოდა სახლში. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ დღეს დილის 7-ზე ვინმე შეიძლება დამხვდეს ბაზარში. პურიც კი არ მოაქვთ უბნის მაღაზიებში 11 საათამდე და რომელ 7, 8 ან 9 საათზეა ლაპარაკი?! 

ამ ბოლო დროს ჩავარდნები გვაქვს, ბაბუაჩემს ბევრი სიარული არ შეუძლია, ამიტომ ჩვენ გვაგზავნის. წლებია იქ მაყვალას ყველს ყიდულობს, არ ღალატობს. ადრე სხვა იყო, რომელმაც წონაში სასტიკად მოატყუა და იმის მერე იქ აღარ დაბრუნებულა. 

რატომ მიყვარს ბაბუაჩემთან ერთად კვირის ბაზარი? თვითონ ხომ სულ კოხტად აცვია, მაგრამ იქ რომ მივდივართ მისი ასაკის ხალხი ასევე გამოწყობილები არჩევენ პროდუქტებს. საოცარი სანახავია. ერთმანეთს რომ გამოეცნაურებიან და ორ სიტყვას გაცვლიან ღიმილით, გული მითბება ხოლმე. სამწუხაროა, რომ თბილისის ბაზრები ღირსეულად ვერ ხვდებიან ასეთ ხალხს. ჯერ რას ჰგავს იქაურობა, ჩამონგრეული, ბინძური, ასფალტი ამოთხრილი. კარგი, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ვაჭრები, წონაში რომ გატყუებენ? ასე მგონია ტყუილების დღიური დოზა თუ არ შეავსეს, ისე ვერ მოისვენებენ და გვერდზე მჯდომი კოლეგის თვალში უვიცებად გამოჩნდებიან. ტყუილი და თვალთმაქცობა ღვთისგან ბოძებული ნიჭი ჰგონიათ. ბაზარს თავისი უპირატესობები აქვს, თუმცა ამ ყველაფრის გამო იქ მისვლა ყოველთვის არ მოგინდება ადამიანს. 

ბაბუაჩემისგან ვისწავლე ბაზრის წესები, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დიდ მარკეტებში ასეთ ბოსტნეულს და ხილს ვერ ვნახავთ. ეს გამორიცხულია. მთავარი მოტივაცია ეს უნდა იყოს. პირველივე დახლთან არ იყიდოთ პროდუქტი, მისვლისას ერთი შემოვლასავით გააკეთეთ, იკითხეთ ფასები, დაათვალიერეთ. ასეთი შემოვლა წარმოდგენას შეგიქმნით რა აქვთ გამოტანილი იმ დღეს ვაჭრებს, ვის აქვს ყველაზე კარგი პროდუქტი უკეთეს ფასად. შემდეგ მოძებნეთ დიდი ურიკების დამტარებლები. ამხელა ნადავლით ხელში ვერ ივლით მთელს ბაზარში. ურიკის დამტარებლები 3 ლარად მოგატარებენ მთელს ბაზარს, ისე, რომ თქვენ არ შეწუხდებით პარკების ტარებით. მხოლოდ აარჩევთ და გადაიხდით. დანარჩენის ისინი მიხედავენ. თან კარგი ამბავი ისაა, რომ თუ კეთილი კაცი შეგხვდათ, აზრიც შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგალითად ვისა აქვს ყველაზე კარგი პამიდორი, ჟოლო, ბადრიჯანი და ა.შ.  

ეს ჩემი გამოცდილებაა, მაგრამ ასე მგონია, ბაზრის ყველა მოყვარულს თავისი წესებისთვის და საიდუმლო ადგილებისთვის აქვს მიგნებული. ამიტომ, თუ ასეთი ხართ ვინმე, გთხოვთ კომენტარებში დაგვიტოვოთ და გაგვიზიაროთ. მე კი, იმედი მაქვს, ოდესმე ვეღირსებით დიდ, ლამაზ და მოწესრიგებულ ბაზარს თბილისში.