მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დილას მყარ საჭმელს ვერ ჭამენ. ჩემი ორგანიზმი გაღვიძებისთანავე პირველ რიგში წყალს ითხოვს და აუცილებლად ერთ ფინჯან ყავას. რეალურად პირველი საჭმლის ულუფას 12 საათისთვის ვიღებ, რაც უკვე საუზმედ აღარ ითვლება. არადა პირადი ექიმი, ყველა დიეტოლოგი, თუ ფიტნეს ინსტრუქტორი ხაზგასმით ამბობს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიცი! მაგრამ არაა მარტივი შეცვალო წლების განმავლობაში აწყობილი რუტინა - ხომ მეთანხმებით? და სწორედ საკუთარ თავთან ჭიდაობის დროს აღმოვაჩინე ჯადოსნური სასმელი - სმუსი. ის არც მყარია, არც უგემური და არ ითხოვს, რომ მაინცდამაიც სახლში მირთმევას; მოგყვება ყველგან, სადაც მიგეჩქარება, სამსახურში იქნება ეს თუ ბავშვის სკოლიკენ მიმავალი გზა. და აი ასე, უკვე რამდენიმე წელია ჩემი დილა ჭიქა წყალთან და ყავასთან ერთად სმუსით იწყება და სხვანაირად ახლა უკვე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია.

ჩემი პირველი სმუსი მწვანე ფერის იყო. ბლენდერში მოვათავსე ისპანახი, კივი, ბანანი, წყალი, ლიმონის წვენი და ყინულის ნატეხები. რამდნიმე წამი სწრაფი სიჩქარით დავაბლენდერე და viola! მახსოვს, როგორი გატაცებით ვუღებდი ფოტოებს პირველ ჭიქა სმუსის ჩემი ინსტაგრამისთვის.

შემდეგ ნარინჯისფერი გახდა ჯადოსნური საუზმე! ამჯერად ფორთოხალი, ბანანი, მანგო და წყალი ყინულებით შევათქვიფე ერთმანეთს და მახსოვს, გავიფიქრე, რომ ეს ჭიქა მალე არ დაცილილიყო...

რძის პროდუქტები სმუსიში მოგვიანებით გამოვიყენე. მე არ ვარ რძის მოყვარული, ამიტომ ის სოიოს რძით ჩავანაცვლე. მაწყვის სეზონზე წითელი გახდა ჩემი სასმელი. მარწყვი, ბანანი და სოიოს რძე ისეთი ბლანტი და გემრიელი გამოვიდა, რომ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა დილა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩემს ყველა სმუსიში ბანანი დომინანტია. ნუ შეგეშინდებათ ამ პროდუქტის იმიტომ, რომ სხვა ხილთან შედარებით მეტი კალორია აქვს. ბანანი პირველ რიგში დადებით განწყობაზე მოქმედებს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ადამიანს ავსებს ენერგიით, ასე რომ, დილას მიღებული ნახევარი ბანანი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამავდროულად, ბანანი სმუსის სქელ ტექსტურას აძლევს და რაც მთავარია ატკბობს ისე, რომ დამატებითი დამატკბობელის გამოყენება საჭირო არაა. თუმცა ტკბილის მოყვარულებს თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი და არავითარ შემთხვევაში შაქარი!

სმუსის მომზადების იმდენი რეცეპტი არსებობს, რამდენიც ადამიანი. ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე, გემოვნებაზე, და რაც მთავარია სეზონზე; მე მაცივარში ყოველთვის მაქვს გაყინული კენკრა, ერთგვარი მიქსია: მოცვი, ჟოლო და მაყვალი. ბოლო დროის ამოჩემებული სმუსის რეცეპტი ასეთია: ერთი პატარა ბანანი, ერთი ჭიქა შერეული კენკრა და ერთი ჭიქა ნუშის რძე. გამოიცანით რა ფერია ჩემი გემირელი სასმელი? ამჯერად იასამნისფერი. და როდესაც ერთ კოვზ ჩიას პუდინგს ვუმატებ ვიღებ სმუსის სრულყოფილებას!

და რა ფერია თქვენი ფავორიტი სმუსი?