ბავშვობის გემო ჩემთვის გოლი-მოგლისთან ასოცირდება. მახსოვს, მისი მომზადება მთელი რიტუალი იყო ჩვენთვის. რაც უფრო სწრაფად და დიდი ხანი თქვეფდით კვერცხის გულს და შაქარს ერთმანეთში, მით უფრო გემრიელი გამოდიოდა გოგლი-მოგლი, თეთრი და ფაფუკი. როგორც წესი, დიდ ჩაის ჭიქაში ბოლოს პატარა პურებს ვყრიდით და ისე მივირთმევდით. ბავშვობის შემდეგ საყვარელი ნუგბარი არ მიჭამია და მხოლოდ ახლა დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ უმი კვერცხის  მიღებით გარკვეული რისკის ქვეშ ვაყენებდი ჩემს ჯანმრთელობას. საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით გემრიელ და საყვარელ გოგლი-მოგლიში შესაძლოა საშიში ბაქტერია - სალმონელა იმალებოდეს.

რა არის სალმონელა და როგორ შეიძლება ის აღმოჩნდეს ჩვენს ორგანიზმში? სალმონელა არის ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთებით დაავადებას. მთავარი სიმპტომებია  - ფაღარათი, გულის რევა-ღებინება და სიცხე. ძირითადად ეს ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში უმი კვერცხიდან ხვდება; ამიტომ არის აუცილებელი, რომ კვერცხი ყოველთვის თერმულად დამუშავებული მივიღოთ - შემწვარი ან კარგად მოხარშული. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან 5 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვები. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ჩემი შვილებისთვის კვერცხი ყოველთვის დიდი ხანი იხარშება. საუბარი აღარ მაქვს გოგლი-მოგლიზე, რომელიც მათ საერთოდ გასინჯულიც არ აქვთ. რადგან ბავშვებს შევეხეთ, აქვე გეტყვით, რომ ქათმის კვერცხისგან განსხვავებით, მწყერის კვერცხში სალმონელას ჩხირი პრაქტიკულად არ გვხვდება, ამიტომ არის პატარებისთვის რეკომენდირებული მწყერის კვერცხის მიღება. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის(CDC) ოფიციალურ საიტზე რამდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი ამოვიკითხე სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით:

  1. სალმონელას ჩხირი შესაძლოა შეგხვდეს სხვადასხვა სახის საჭმელში, როგორიცაა ქათამი, საქონლის ხორცი, ხილი, კვერცხი, ბოსტნეული. თქვენ ახლა მკითხავთ, რომ მაშინ რა ვჭამოთ? საჭიროა რომ პროდუქტი, რასაც იღებთ იყოს ახალი და სუფთა. პანიკა საჭირო არაა :)
  2. სალმონელას ბაქტერია თავს იჩენს ძირითადად ზაფხულში. თბილ ამინდში თუკი საჭმელი პროდუქტი არ დევს მაცივარში, იდეალური დროა სალმონელას წარმოსაქმნელად.
  3. ზოგიერთი ადამიანისთვის სალმონელას დაავადებასთან ბრძოლა საკმაოდ რთული და დიდხნიანი პროცესია. ამიტომ, თუკი შეატყობთ რომ საჭმლისგან მოიწამლეთ, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს.
  4. და ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ყურადღება მიაქციეთ კვერცხს!

სალმონელას ბაქტერიაზე ბოლო დროს კიდევ ერთხელ დამაფიქრა გემრიელმა დესერტმა - ტირამისუმ. თუკი ტირამისუს მომზადების წესს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ კვერცხი ამ დესერტში უმი სახით გამოიყენება. ასეთი წესია! მაგრამ რატომ ჩავიგდოთ თავი საფრთხეში? მე მარტივ გამოსავალს გთავაზობთ -  ტირამისუს მომზადების დროს მოვახდინოთ კვერცხის პასტერიზაცია და შესაძლო დამალული ბაქტერიის გამოვლენის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. როგორ? ამას ჩემს ვიდეოში, ტირამისუს მომზადების დროს გაგიზიარებთ. 


სალომნელას ბაქტერიასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ოფიციალურ საიტზე:

https://www.cdc.gov/salmonella/general/index.html