ჩიზქეიქი

04 მაი 2020 |

კლასიკური ნიუ-იორკული ჩიზქეიქი ჩემი სისუსტეა. პირველად 10 წლის წინ გავსინჯე ნიუ-იორკში და იმის შემდეგ ყველგან და ყოველთვის ვეძებდი მსგავს გემოს. თბილისში არცერთ კაფეში თუ რესტორანში არ გამისინჯავს მიახლოებულიც კი, ამიტომ გადავწყვიტე ამ დავალებას თავად შევჭიდებოდი. წლების განმავლობაში არაერთი რეცეპტი ვცადე, ყოველი ახალი მცდელობა სრულყოფილთან მაახლოვებდა, მაგრამ!!! დღეს რაც უნდა შემოგთავაზოთ არის ყველა წინა მცდელობების გაბათილება და ახალი მწვერვალის დაპყრობა ჩემს მოკრძალებულ სამზარეულოში! მაშ, ასე, მზად ხართ? დავიწყოთ! გახსოვდეთ, არ აჩქარდეთ! ეს რეცეპტი მოითხოვს მოთმინებას!

ინგრედიენტები

შიგთავსი

ტოპინგი

მომზადება

მოემზადეთ ჩიზქეიქისთვის

  • იყიდეთ კარგი კრემ-ყველი. პირდაპირ გეტყვით - მიაკითხეთ ევროპროდუქტებს და ყველის სექციაში მოითხოვეთ 800გრ კრემ-ყველი. სხვაგან მე არ შემხვედრია ასაწონი კრემ-ყველი. დაფასოებული - კი ბატონო, მაგრამ ასაწონი უფრო მოსახერხებელიცაა და შედარებით ხელმისაწვდომიც. რაც მთავარია, როცა სახლში მოიტანთ, არ შედგათ მაცივარში, რადგან მზადების დროს აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს დარბილებული.
  • შეიძინეთ მრგვალი ფორმა, რომელსაც შიგინთ უთავსდება ძირი და ,,კედელი'' ჩამკეტით ეხსნება. დიამეტრი - 24 სმ.
  • მოიმარჯვეთ ალუმინის კულინარიული ქაღალდი და შემოახვიეთ საცხობ ფორმას ისე, როგორც ვიდეოში გაჩვენებთ.
  • გაანთავისუფლეთ მაცივარში საცხობი ფორმისთვის ტერიტორია, რადგან სანამ ჩვენი ჩიზქეიქი მაგიდაზე მოხვდება, მთელი ღამით უნდა დაისვენოს მაცივარში.
  • ჩემი რჩევა იქნება, დაიწყოთ მზადება საღამოს 6 საათზე. ჩიზქეიქის შექმნის პროცესი დაახლოებით 4-5 საათს გრძელდება და ამის შემდეგ მაცივარში მინიმუმ 7-8 საათი უნდა გაჩერდეს. ამიტომ კარგი იქნება დროის სწორად გადანაწილება. ჩემთვის იდეალური დროა მზადების საღამოს 6 საათზე დაწყება, რადგან 11-12 საათისთვის, ზუსტად ძილის წინ, შევაბრძანებ მაცივარში.
  • გაზქურა უნდა იყოს ჩართული ორივე, ანუ ზედა და ქვედა რეჟიმზე


როგორ მზადდება იდეალური ჩიზქეიქი

გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე.

ჩოპერში დააქუცმაცეთ ორცხობილა, საბოლოო მასა უნდა ავსებდეს 1 ჭიქას.

საცხობ ფორმას გვერდებზე წაუსვით კარაქი.

ორცხობილას დაუმატეთ გამდნარი კარაქი და სუფრის კოვზით დაპრესეთ ჩიზქეიქის ფორმაში, ისე, რომ კუთხეებში 1-2 სანტიმეტრით იყოს ამოწეული. შედგით გაზქურაში 10-12 წუთით.

როცა გამზადდება, გაზქურას აუწიეთ 200 გრადუსამდე, ბაზა კი გააგრილეთ ბოლომდე.


ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული კრემ-ყველი ადვილად აითქვიფება ჯამში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კოვზი, ან მიქსერი. თქვიფეთ მანამ, სანამ შედარებით არ გათხელდება და მიიღებს უფრო კრემოვან ტექსტურას. ჩაამატეთ შაქარი, კარგად აურიეთ, მიქსერით დაახლოებით 5-6 წუთი დაგჭირდებათ, ხელით - 10-15. დაუმატეთ არჟანი და კარგად შეურიეთ მასას. შემდეგ დაამატეთ სიმინდის სახამებელი (არც იფიქროთ ამ ინგრედიენტის გამოტოვება, რადგან, საბოლოოდ, ისეთ ფაფუკ და ჰაეროვან ტექსტურას მოგცემთ, აუცილებლად გადამიხდით მადლობას ამ გაფრთხილებისთვის;)

შემდეგ ვანილი და დაახეხეთ მთლიანი ლიმონის ცედრა. მე მიყვარს ოდნავ ჩაწურვაც.

საბოლოოდ კი დაამატეთ 3 კვერცხი და 1 კვერცხის გული. აურიეთ სათითაოდ.

სულ ეს არის ჩვენი ჩიზქეიქი! ახლა კი იწყება მთავარი!


სწორი ტემპერატურა გაზქურაში = იდეალურ ჩიზქეიქს

მას შემდეგ, რაც შიგთავსს დაასხამთ ბაზას (რომელიც მანამდე გვქონდა ბოლომდე გაგრილებული) შევდგამთ გაზქურაში 25 წუთით. ხომ გახსოვთ, ბაზის გამოცხობის შემდეგ 200 გრადუსზე დავაყენეთ ტემპერატურა. სწორედ ეს გვჭირდება. პირველი ეტაპი - 25 წუთი 200 გრადუსზე.

როცა 25 წუთი გავა, ტემპერატურა ჩამოგვყავს 130 გრადუსზე და ვაცხობთ 40 წუთი.

როცა 40 წუთი გავა, ვამოწმებთ ჩიზქეიქს: მასა უნდა იყოს ამოსული და შესქელებული, ზედაპირს კი ფერი უფრო მოყვითალოსკენ უნდა ჰქონდეს შეცვლილი. ამ დროს მსუბუქად უნდა შევანჯღრიოთ და დავაკვირდეთ - ჩიზქეიქი ოდნავ უნდა მოძრაობდეს, დაახლოებით ჟელატინივით, მაგრამ კიდევ უფრო შეკრული უნდა იყოს. თუ თქვენი დესერტი უფრო თხელია და სითხესავით კონსისტენცია აქვს, მაშინ ვტოვებთ კიდევ 10-15 წუთი და თან სულ ვამოწმებთ. ყველას სხვადასხვა გაზქურა გვაქვს, განსხვავებული სისტემით, ამიტომ ზოგი მალე აცხობს ზოგიც გვიან. შეიძლება 15 წუთზე მეტიც დაჭირდეს. როგორც კი მივიღებთ სასურველ კონსისტენციას, ანუ ზედაპირი შენჯღრევისას თუ ოდნავ მოძრაობს, ვთიშავთ გაზქურას, მაგრამ ჩიზქეიქს ვტოვებთ შიგნით 1 საათით.

1 საათის შემდეგ ოდნავ გამოვაღებთ გაზქურას და ასე გავაჩერებთ კიდევ 1 საათი.

შემდეგ გამოვიღებთ გაზქურიდან და ბოლომდე გავაგრილებთ.

როგორც კი ოთახის ტემპერატურაზე გაგრილდება ჩვენი ჩიზქეიქი, ის მზადაა ტოპინგისთვის.


ჩიზქეიქის ტოპინგი

ეს საფეხური არ არის აუცილებელი, უბრალოდ ჩემთვის, არაჟნის მომჟაო ტოპინგის გარეშე ჩიზქეიქი ვერ იქნება სრულყოფილი. ამიტომ, შევუდგეთ:

აურიეთ არაჟანში 2 სუფრის კოვზი შაქარი და ჩააწურეთ მთელი ლიმონი (რომლის ცედრაც შიგთავსისთვის გამოვიყენეთ) მასას მივიღებთ მჟავეს, მაგრამ არ შეშინდეთ, საბოლოოდ იდელუარად შეერწყმება შიგთავსს.

ახლა კი, დროა მაცივარში მოვასვენოთ ჩვენი დესერტი.

დილით კი! აჰ, დილით!.. თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი სიამოვნება, რომელსაც აუცილებლად მიუბრუნდებით და, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გააოცებთ მეგობრებს!

შეგიძლიათ მიირთვათ კენკრასთან ერთად. ყველაზე მეტად ჟოლოთი მომწონს, მაგრამ რადგან ჯერ სეზონი არ გვიწყობს ხელს, მარწყვითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.