ლობიოს წვნიანი კომშით
თუ ხორციანი კერძები თქვენი შვილის საყვარელი საჭმელი არ არის, საგონებელში ნუ ჩავარდებით, რადგან მისი მიღების ან ჩანაცვლების რამდენიმე გზა შეიძლება გამონახოთ. ერთ-ერთი არის ცილებით სავსე ლობიო. დიახ, ის შეგიძლიათ თქვენი შვილის საყვარელ პროდუქტად აქციოთ. თავის დროზე ეს ჩემმა ბებიამ ძალიან კარგად მოახერხა და ახლაც მეღიმება მის ხრიკებზე. ბებია გვიმზადებდა ლობიოს წვნიანს კომშით და ხანდახან პირიქით ამბობდა - კომშს ლობიოთი, ამ ყველაფრის ბონუსი კი კომშის კომპოტი იყო. მოკლედ, მოიმარაგეთ სეზონური პროდუქტები და აუცილებლად ცადეთ !
ინგრედიენტები
მომზადება
დაასხით ლობიოს წყალი, ისე რომ მარცვალი კარგად დაიფაროს და მოხარშეთ. პირველი წამოდუღების შემდეგ წყალი გამოუცვალეთ და ქვაბში ჩაამატეთ ხახვი. შეგიძლიათ ხახვი წვრილად არ დაჭრათ და ორად გაჭრილი ჩააგდოთ. პარალელურად გათალეთ მოზრდილი კომში, დაჭერით კუბებად და ჩააგდეთ ქვაბში. მოხარშვის დროს ის საოცარ არომატს გაუშვებს. როდესაც ლობიოს მარცვალი კარგად დარბილდება, შეაგრილეთ და დააბლენდერეთ. ლობიოს და კომშის ნახარში არ გადაასხათ, რადგან ის სასურველი მასის მიღებაში დაგეხმარებათ. დაბლენდერების დროს გემოვნებით დაუმატეთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და მარილი. რაც შეეხება ხახვს - მე მას ნახარშიდან ვიღებ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ კომშთან და ლობიოსთან ერთად დააბლენდეროთ. კომშის დახმარებით წვნიანი გამოდის არომატული და ოდნავ მოტკბო. ამჯერად კერძი მიკრო მწვანილით - წიწმატით გავაფორმე და მინდა გითხრათ ძალიან მოუხდა მენდეთ, ეს კერძი სასარგებლო და გემრიელია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის.