პანეტონე

13 აპრ 2025 |

მომზადება

ცხობამდე ერთი ღამით ადრე:


3/4 ჭიქა (90 გრ) ფქვილი

1/2 ჩ/კ საფუარი

1/3 ჭიქა (80 გრ) თბილი წყალი


ერთ ჯამში შეურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამე:

1/2 ს/კ ლიმონის ცედრა (1 ლიმონი)

1 ს/კ ფორთოხლის ცედრა (1 ფორთოხალი)

2 ს/კ თაფლი

2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი


1/2 ჭიქა ქიშმიში (წყალში დამბალი)

ცუკატები


ცხობის დღე:


ცომისთვის:

3 ჭიქა (384 გრ) ფქვილი (გაყავით ორად)

1/2 ჭიქა (135გრ) თბილი წყალი (არც გრილი, არც ცხელი)

1 ს/კ საფუარი

1/3 ჭიქა (67 გრ) შაქარი

1 ჩ/კ (8 გრ) მარილი

5 კვერცხის გული (ოთახის ტემპერატურის)

8 ს/კ (113 გრ) დარბილებული კარაქი


ტოპინგი:

1 გათქვეფილი კვერცხი

კარაქის პატარა თხელი ნაჭერი


ცხობამდე ერთი ღამით ადრე, ფქვილს შეურიეთ საფუარი და დაასხით თბილი წყალი. გამოგივათ თხელი მასა, რომელსაც უნდა გადააკრათ სამზარეულოს ცელოფანი, გადააფაროთ პლედი, ან საბანი და თბილ ადგილას გააჩეროთ მთელი ღამე (8-10 საათი). დილას დაგხვდებათ ამოფუებული, წებოვანი მასა.


პატარა ჯამში თაფლს შეურიეთ ვანილი, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა. გადააფარეთ ცელოფანი და გადადეთ გვერდზე. ქიშმიშიც მოათავსეთ ცალკე ჯამში, დაასხით წყალი და მთელი ღამე დატოვეთ.


ცხობის დღე:

მთელი ღამე აფუებული მასა მოათავსეთ მიქსერის ჯამში და ხელით შეურიეთ 3 ჭიქიდან აღებული ნახევარი ფქვილი. დაუმატეთ საფუარი და თბილი წყალი (ნეკზე რომ ,,იკბინებოდეს”). როდესაც ხელით კარგად შეურევთ ფქვილს, შემდეგ 5 წუთი ცომის საზელი კომბაინით მოზილეთ, გადააკარით ცელოფანი ჯამს, დააფარეთ პლედი და 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას, რომ კარგად ამოფუვდეს.


როდესაც ამოფუვდება 1 საათში, შეურიეთ დარჩენილი ფქვილი ხელით. იქნება მკვრივი, მტვრევადი ცომი და დაასვენეთ 10 წუთი.


ვიდრე ცომი ისვენებს, კვერცხის გულებს (ოთახის ტემპერატურის)დაუმატეთ მარილი, შაქარი, და 5 წუთი თქვიფეთ, რომ მიიღოთ ფაფუკი, კრემოვანი ტექსტურა. ამის შემდეგ შეურიეთ თაფლის მიქსი, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.


კვერცხიანი მასა ნელ-ნელა შეურიეთ ცომს. მალე ცომი გახდება წებოვანი, 5 წუთი მაინც მოზილეთ ცომის საზელით, რომ გახდეს რბილი და ერთგვაროვანი. თუ შენიშნავთ, რომ ცომი ძალიან სველია და არ იკვრება, ოდნავ დაამატეთ ფქვილი.


დროა შეურიოთ კარაქი! დაჭერით საშუალო კუბებად და სათითაოდ დაამატეთ ზელვის დროს ცომს. როდესაც კარაქი ბოლომდე შეეზილება, ცაყარეთ ქიშმიში (წყლის გარეშე ბუნებრივია!). მიეცით ბურთის ფორმა ცომს და გადაიტანეთ სუფთა ჯამში.


გადააფარეთ, დადგით თბილ ადგილას და დაელოდეთ 2 საათამდე, ვიდრე არ გაორმაგდება მოცულობაში.


როდესაც ამოგუვდება ცომი, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე (ოთახში უნდა იყოს სითბო და ზედაპირი არ უნდა იყოს ძალიან ცივი) და ხელით გადაზილეთ. მიეცით მართკუთხა ფორმა ცომს, გადმოიტანეთ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ. (იხ. ვიდეო). 1 წუთის გადაზელვის შემდეგ 10-15 წუთი დაასვენეთ და ასე გაიმეორეთ 3 ჯერ.


ბოლოს მიეცით ცომს მრგვალი ფორმა და მოათავსეთ ქაღალდის საცხობ ფორმაში.


დაელოდეთ კიდევ ამოფუებას 2 საათი.


გათქვიფეთ 1 კვერცხი და ამოფუებულ ცომს გადაუსვით სამზარეულოს ფუნჯით. მჭრელი დანით კი შუაში ფრთხილად გადაჭერით ზედაპირი ორჯერ, რომ მიიღოთ ჯვარი და შუაში დადეთ კარაქის პატარა ნაჭერი.


გამოცხობამდე 10 წუთით ადრე გაახურეთ 190 გრადუსზე ღუმელი, დააყენეთ კონვექციის რეჟიმი, რომ თანაბრად გადანაწილდეს ტემპერატურა და ცხობას რომ დაიწყებთ, 170 გრადუზე დაუწიეთ.

პანეტონე როდესაც გაყავიდფრდება, გირჩევთ გადააფაროთ ალუმინის ფოლგა, რომ ძალიან მუქი არ გახდეს.


ცხობას სჭირდება დაახლოებით 40-50 წუთი. ბოლოს მაინც შეამოწმეთ ასანთის ღერით ბოლომდე გამოცხვა თუ არა პასკა.


გააციეთ აუცილებლად და ისე მიითქვით!


ბედნიერი აღდგომა!🌸

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.